„თეთრი სიკვდილი“ - შოკისმომგვრელი სტატისტიკა, რომელიც სამშენებლო-ეკოლოგიური ნორმების დაუცველობით არის გამოწვეული

„ერთადერთი ქვეყანა, სადაც დღემდე არც ერთი შენობა არ შემოწმებულა სამშენებლო-ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე“.

«ადამიანის გრძნობის ორგანოები: მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემოვნება და შეხება რადიაციას ვერ აღიქვამენ, რის გამოც ადამიანი მის წინაშე უსუსურია. ერთადერთი გამოსავალი მასთან საბრძოლველად მაღალი დონის სახელმწიფოებრივი მიდგომაა. თუ ამისგან სახელმწიფო არ გიცავს, ეს ნიშნავს, რომ ის თავადაა მკვლელი-შეგნებული თუ შეუგნებელი.» - ეს სიტყვები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, მიხეილ კავილაძეს ეკუთვნის.

რადიაციასთან და, საერთოდ, სამშენებლო ეკოლოგიასთან თუ როგორი «მაღალი დონის სახელმწიფოებრივი მიდგომა» ჰქონდათ ნაციონალებს, ეს კარგად ჩანს მათ ნამოქმედარში: გაგონება არ უნდოდათ სამშენებლო-ეკოლოგიური კონტროლის შემოღების, 2004 წელს დანაშაულებრივად გააუქმეს მთელ მსოფლიოში სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვის მთავარ გარანტად აღიარებული მშენებლობის სამინისტრო (რომელიც არსებობს მსოფლიოს თითქმის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში), ყურად არ იღეს ჩვენი ოფიციალურად გაგზავნილი უამრავი წერილი თუ პრესაში გამოქვეყნებული ათეულობით საგაზეთო სტატია.

სამწუხაროდ, «მაღალი დონის სახელმწიფოებრივი მიდგომით» არც ნაციონალებთან კოჰაბიტირებული ოცნებისტები გამოირჩევიან, რადგან მე-5 წელიწადია ხელისუფლებაში ყოფნის დროს არც მშენებლობის სამინისტროს აღდგენისა და არც სამშენებლო-ეკოლოგიური კონტროლის შემოღებისათვის მათაც აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთებიათ.

ამ დროს ცნობილია შოკის მომგვრელი სტატისტიკა, რომ მსოფლიოში გარდაცვლილთა ნახევარზე მეტი იღუპება სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაუცველობით გამოწვეული დაავადებებისაგან. ასეთი ნორმების არშემოღებით კი საქართველოში დღეს ყოველდღიურად ბევრი ავადდება ნელი, ე.წ. «თეთრი სიკვდილით», ბევრს დაავადება უმძიმდება და ბევრი კვდება გამკითხავი, მომკითხავი, პასუხის გამცემი და პასუხისმგებელი კი არავინაა! სანამდე? რა არის რადონი?

რადიაციის ბუნებრივი წყაროებიდან ყველაზე ძლიერია რადონი, რომელიც უხილავი, უფერო, უსუნო, უგემოვნო გაზია და ბუნებაში გვხვდება 2 რადიაქტიური იზოტოპის სახით. ეს იზოტოპებია: რადონი-222, რომელიც ურან-238-ის დაშლის პროდუქტია და რადონი-220, რომელიც თორიუმ-232-ის დაშლის პროდუქტია, თანაც რადონი-222 იზოტოპის რადიაქტიურობა 20-ჯერ აღემატება რადონი-220 იზოტოპის რადიაქტიურობას.

რადონი წარმოიქმნება მიწის ქერქში და ამოდის რა მიწის ზედაპირზე, ვრცელდება მთელ ტერიტორიაზე. ამიტომ არის აუცილებელი, როცა ვიკვლევთ სამშენებლო მოედანს, აუცილებლად გამოვიკვლიოთ რადონიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობის აშენების შემდეგ, რადონი გრუნტიდან შეაღწევს საძირკვლებში, სარდაფებში და გაივლის რა სართულშუა გადახურვებს, გავრცელდება მთელ შენობაში. გარდა ამისა, თითქმის ყველა ძირითადი საშენი მასალა (ქვიშა, ღორღი, აგური, ცემენტი, ბეტონი, ლითონი) მზადდება რა მიწის ქერქში მდებარე მთის ქანების გადამუშავებით, მეტ-ნაკლებად ყველა შეიცავს და გამოასხივებს რადონს.

გრუნტიდან შეღწეული და ასაშენებლად გამოყენებული საშენი მასალებიდან გამოსხივებული რადონი, მოექცევა რა უკვე აშენებული შენობის დახშულ სივრცეში, კონცენტრაციის გაზრდის გამო თანდათან ხდება ჯანმრთელობისათვის საშიში. თუ არ იქნება მიღებული სპეციალური ღონისძიებები (ოთახების მძლავრი ვენტილაცია-განიავება, სართულშუა გადახურვებისა და კედლების დაფარვა გაზგაუმტარი სპეციალური დანამატიანი დუღაბებით) რადონის კონცენტრაციამ შეიძლება მიაღწიოს სასიკვდილო დოზებს და ამ შენობებში ცხოვრება გახდეს სახიფათო. თუმცა, ასეთი ღონისძიებებიც ზოგჯერ ვერ აღწევს შედეგს, რის გამოც ბევრ ქვეყანაში, უფრო მეტად კი ინგლისში, ხელისუფლება იძულებული ხდება მოსახლეობა გამოასახლოს და ეს რადონსაშიში შენობები დაანგრიოს. ვინაიდან რადონის აღმოჩენას სულ რამდენიმე ათეული წლის ისტორია აქვს, რადონუსაფრთხო მშენებლობა ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის შესწავლილი.

რადონის გაზი წყალში ადვილად იხსნება, რის გამოც მან ადამიანის ორგანიზმში შეიძლება შეაღწიოს სასმელი წყლიდან (განსაკუთრებით საშიშია ჭაბურღილის წყლები) და საკვებიდანაც. აქვე გვინდა გავაფრთხილოთ ის ფერმერები, რომლებიც მუშაობენ ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტების მიღებაზე. ის მიწები, რომელთა გამოყენებას აპირებთ ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტების მისაღებად, აუცილებლად შეამოწმეთ რადონზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენ შრომა წყალში ჩაგეყაროთ.

ძალიან დიდი პრობლემები შეიქმნა ბუნებრივი მოსაპირკეთებელი მასალების გამოყენებაში იმ დონეზე, რომ რადონის საშიში შემცველობის გამო ბევრ სახელმწიფოში უარი თქვეს გრანიტისა და მარმარილოს ძვირფასი ქვების გამოყენებაზე შენობათა შიდა ინტერიერებში. აქედან გამომდინარე, საქართველოშიც შენობათა შიდა ინტერიერებში გამოყენებული გრანიტისა და მარმარილოს მასალები აუცილებლად არის შესამოწმებელი რადონის გამოსხივებაზე. საფრთხეები კი მართლაც რეალურია. ამის დასტურია ნაწყვეტი „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებული ინტერვიუდან, სადაც უნივერსიტეტის პროფესორი, მიხეილ კივილაძე რადონთან დაკავშირებით საუბრობს:

«რადონი გახლავთ გაზი, რომელიც მიწის განსაზღვრული უბნებიდან ამოდის-ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები. ასეთ ადგილებში მშენებლობები დამღუპველია (ალბათ, მოსავლის, მით უფრო, ეკოლოგიურად სუფთა მოსავლის მოყვანაც, ა.ს.). ეს ნიშნავს, რომ აქ შესახლებული მოქალაქეები მუდმივი დასხივების ეპიცენტრში არიან . . . გამოსხივებულ ნაწილაკებს-რადონს-დაშლის პერიოდი ოთხ დღემდე აქვს, მაგრამ თავად წყაროს, ანუ რადიუმის ნახევრად დაშლის პერიოდი 1600 წელიწადია. ამდენად, კვლავწარმოების წყალობით რადონი მუდმივად «ცოცხლობს» და რადგან იგი ჩვენი მუდმივი თანამგზავრია, ამდენად აუცილებელია ვიცოდეთ მისი რაოდენობა ჩვენ გარშემო. მას ვერ აღმოაჩენთ, თუკი ამ პროცესში პროფესიონალი არ ჩაერია . . . რადონის უხილავ ნამცეცს (ერთი მიკროგრამის მემილიარდედ ნაწილს!) ჩაისუნთქავ და განწირული ხარ.»

რაც შეეხება საქართველოს, აქ შექმნილია კატასტროფიული მდგომარეობა. დღემდე არ წარმოებს სამშენებლო-სარემონტო მასალებისა და აშენებულ შენობა-ნაგებობათა შემოწმება ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე. ამ მხრივ მსოფლიოში ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც დღემდე არც ერთი შენობა არ შემოწმებულა სამშენებლო-ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე. მოსახლეობა აბსოლუტურად დაუცველია. ხალხი ინფორმაციულ ვაკუუმშია. საქართველოში ისიც კი არ იციან, რომ რადიაციის გამოსხივების გარდა არსებობს გაცილებით უფრო საშიში, რადონის რადიაქტიური გამოსხივება და რადიაციული გამოსხივებით დაღუპულთა 70% ფაქტიურად, დაღუპულია რადონის გამოსხივებით. სწორედ ამიტომ იყო, რომ მსოფლიოში მოხდა რადონის რადიაქტიური გამოსხივების გამოყოფა რადიაციის რადიაქტიური გამოსხივებიდან, დაიწყეს მისი ცალკე შესწავლა და შექმნეს რადონის სპეციალური დოზიმეტრული ხელსაწყოები. საქართველოში კი ხელისუფლება კვლავ ღრმა ძილშია!

აქვე მინდა შევეხოთ ერთ პრობლემას. პირადად მე აქტიურად გამოვდივარ (განსაკუთრებით 2004 წლიდან, მშენებლობის სამინისტროს გაუქმების შემდეგ) პრესაში, ტელევიზიაში, კონფერენციებზე, მიტინგებზე, სამთავრობო თუ არასამთავრობო შეხვედრებზე სეისმური და სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვის პრობლემებზე. ხშირად მსაყვედურობენ, რომ არ შეიძლება ისედაც ეკონომიკურ გაუსაძლის სიღატაკეში მცხოვრები მოსახლეობის ზედმეტად დაშინება მოსალოდნელი სეისმური და სამშენებლო-ეკოლოგიური, პირველ რიგში, რადონის მოსალოდნელი კატასტროფული შედეგებით და ხალხს ვესაუბრო უფრო რბილად და დავარცხნილად, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები. მიხარია, რომ ამ პოზიციას იზიარებს ბატონი მიხეილიც თავის ზემოთ აღნიშნულ ინტერვიუში:

«ბევრი ფიქრობს, რომ თუ რადიაციის საშიშროებაზე ყურადღებას გავამახვილებთ, ამით რადიოფობიას (რადიაციის შიშს) გამოვიწვევთ მოსახლეობაში, რაც მათი აზრით, რადიაციაზე უარესია. ამ მოსაზრებას, სამწუხაროდ, იზიარებს მედიის დიდი ნაწილი და სახელმწიფო მოხელეები, მაგრამ ლოგიკა - არ არსებობს ინფორმაცია, ე.ი. არ არსებობს პრობლემა, ამ შემთხვევაში დამღუპველია. არ არის საჭირო იმაზე თვალის დახუჭვა, რაც უმძიმეს დაავადებებს, მათ შორის სიმსივნეებს იწვევს.»

ანზორ საკანდელიძე

მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე

ასოციაციის თავმჯდომარე