დონალდ ტრამპის ლიმუზინი 62 000 დოლარად იყიდება

ბრიტანეთში „კადილაკ ტრამპის“ სახელით ცნობილი ავტომობილი იყიდება. მისი ფასი 50 000 გირვანქა სტერლინგი, დაახლოებით 62 000 დოლარია. „კადილაკ ტრამპს“ მეორადი ავტომობილების კომერციაზე სპეციალიზებული ფირმა „ექსჩეინჯ ენდ მარტი“ ჰყიდის. მათი ინფორმაციით, ავტომობილი 1988 წელს არის გამოშვებული. ასეთი მხოლოდ ორი მოდელი დამზადდა, რომელთაგან ერთი ტრამპმა თავისი ოჯახის ერთ-ერთი წევრისთვის შეიძინა. 1991 წელს კი ლიმუზინმა ბრიტანეთის ტერიტორიაზე გაიარა რეგისტრაცია და იქ დარჩა.

ავტომობილი აღჭურვილია ბენზინის 5.0-ლიტრიანი ძრავით, რომელთანაც წყვილში ავტომატური ტრანსმისია მუშაობს. ავტომობილს მხოლოდ 72.4 ათასი კილომეტრი აქვს გავლილი და საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. ტრამპის შემდეგ მას ოთხი მფლობელი ჰყავდა.

სალონი ტყავით და ძვირფასი ხითაა გაწყობილი. მასში განლაგებულია მინი ბარი, ტელევიზორი და ბევრი რამ, რაც ფუფუნებით მგზავრობას უზრუნველყოფს.

ტრამპი ამჟამადაც „კადილაკის“ ლიმუზინით გადაადგილდება, ეს არის საპრეზიდენტო, მძიმედ შეჯავშნული მანქანა, რომელიც სპეციალურად პირველი პირისთვის შეიქმნა. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტ ტრამპის ყოველი მგზავრობის ერთი წუთი, 2.4 ათასი დოლარი ჯდება.

წყარო autobild.ge