8 მარტივი ხერხი, ფალსიფიცირებული რძის ნაწარმის სახლის პირობებში შესამოწმებლად

უამრავი ხერხი არსებობს ფალსიფიცირებული რძისა და მისი ნაწარმის მიღების, თუმცა საბედნიეროდ, არსებობს ამდენივე ხერხი ასეთი პროდუქტის ამოსაცნობად. PALITRANEWS-ის გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" 8 უმარტივეს ხერხს გასწავლით მის ამოსაცნობად.

1. პირველ რიგში უნდა იცოდეთ, კარგმა რძემ შენჯღრევისას ქაფი უნდა გაიკეთოს.

2. დაიწვეთეთ რძე ფრჩხილზე. კარგი რძე ფრჩხილზე ბურთის ფორმით უნდა ჩერდებოდეს და მარტივად არ უნდა იღვრებოდეს. წყლით გაზავებული რძის შემთხვევაში, წვეთი არ ჩერდება ფრჩხილზე და მარტივად იღვრება.

3. რძე, ხაჭო მაწონი, არაჟანი და რძის სხვა პროდუქტები თუ სახამებელს შეიცავს, მარტივი ამოსაცნობია. როდესაც ამ პროდუქციას შეიძენთ, მასზე აუცილებლად დააწვეთეთ იოდის რამდენიმე წვეთი, თუ პროდუქტზე იოდის ფერი უცვლელი დარჩა, ესე იგი პროდუქტი ხარისხიანია. თუ პროდუქტი გალურჯდა, ესე იგი მასში ძალიან ბევრი სახამებელია.

4. ჩვენ შეგვიძლია გავარკვიოთ ვადის გახანგრძლივების მიზნით რძეში დამატებულია თუ არა სოდა, ამისთვის როგორც ძმარი, ასევე ლიმონი გამოგადგებათ. ლიმონი უნდა ჩაამატოთ რძეში, თუ მასში დამატებულია სოდა, ის აუცილებლად აქაფდება.

5. შეიცავს თუ არა რძე ანტიბიოტიკებს. ამის გასარკვევად რძეში უნდა მოათავსოთ არაჟანი ან მაწონი, პროდუქტი დადეთ სითბოში და თუ რძე აიჭრა, მასში არ არის ანტიბიოტიკი, მაგრამ არსებობს უფრო სწრაფი ხერხი. ჭიქაში თანაბარი რაოდენობით უნდა მოათავსოთ არაყი და რძე, თუ რძე თქვენ თვალწინ აიჭრა, ასეთი რძე კარგია.

6. რაც შეეხება არაჟანს - კარგი არაჟანი მეორე დღეს წყალს გამოყოფს. კარგად დააკვირდით, თუ მაცივრიდან გამოღებულ არაჟანს ზედაპირზე წყალი აქვს, ესე იგი ასეთი არაჟანი კარგია.

7. არაჟანთან დაკავშირებით შეგიძლიათ პატარა ექსპერიმენტი ჩაატაროთ. გადმოღვრის შემთხვევაში, არაჟანი ტალღისებურად უნდა გადმოდიოდეს ზედაპირზე, ასეთი არაჟანი კარგია და შეგიძლიათ თამამად მიირთვათ.

8. მაღალ, დაახლოებით 20%-იან ცივ არაჟანში კოვზი ვერტიკალურად უნდა ჩერდებოდეს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS.GE-ზე