საგამოძიებო სამსახურმა თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის - თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა.

როგორც საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა მოახდინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის, დიდი ოდენობით სომხური წარმოების სიგარეტის BLACK TIP-ის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაცია. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები, უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე დააკავა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.