გალარების ეფექტი

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლარის კურსი დოლარის მიმართ დაახლოებით 5 თეთრით გამყარდა. ექსპერტები ამ ტენდენციას რამდენიმე გარემოებით ხსნიან და მათ შორის ყურადღებას სესხების გალარების პროცესის გააქტიურებაზე აკეთებენ. ბოლო მონაცემებით, მოხდა 20 მილიონი დოლარის მოცულობის სესხის გალარება და ამ პროგრამით 1 800-ზე მეტმა ფიზიკურმა პირმა ისარგებლა.

გიორგი ცუცქირიძე, საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი:

"ბოლო ინფორმაციით, 1 800-მდე სესხია გალარებული, 20 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების. საყურადღებოა, რომ თუ, მაგალითად, 14 თებერვალს 900-მდე სესხი იყო გალარებული, ბოლო 10 დღეში სესხების რაოდენობა გაორმაგდა. ეს შეიძლება ორი რამით აიხსნას: პირველი - პროგრამის დასაწყისში ერთგვარი სკეპტიციზმი იყო, მათ შორის ექსპერტების მხრიდანაც, რომ ხალხი არ მოინდომებდა. სკეპტიკურად უყურებდნენ ლარიზაციასაც, რომ ის არ იმოქმედებდა დოლარის კურსზე, არანაირ ზეგავლენას არ მოახდენდა სავალუტო ბაზარზე. ველოდები, რომ გალარების ტემპი მარტში კიდევ გაიზრდება, იმ ფონზე, რომ პროგრამის დასრულებამდე ერთი თვეა დარჩენილი და ლარის სტაბილურობაც სახეზეა. დღეს გალარების ტემპი საკმაოდ კარგია. 20 მილიონი დოლარის სესხის გალარება ნიშნავს, რომ მსესხებლები აღარ ყიდულობენ დოლარს პროცენტის დასაფარავად. ამან დოლარზე მოთხოვნა გარკვეულწილად შეარბილა.

მეორე და ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ 100 ათას ლარამდე სესხები ლარში გაიცემა. ფიზიკური პირები სამომხმარებლო სესხებს 10, 20, და 40 ათასი დოლარის მოცულობით დღეს ლარში იღებენ, ანუ ამ კუთხითაც შემცირებულია მოთხოვნა დოლარზე. იპოთეკური სესხებიც არ გაიცემა მხოლოდ ბინის შესაძენად, იპოთეკურ სესხში შედის ნაკვეთის შეძენა, რემონტი, რეკონსტრუქცია და ამ სესხების ნაწილიც ლარში გადავიდა.

ლარიზაციის პროგრამა არის 10-პუნქტიანი გეგმის ნაწილი, რომელიც მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ერთობლივად შეიმუშავეს. გარდა ამისა, ამ პერიოდს­ დაემთხვა, რომ დღეს, ფაქტობრივად, ყველა ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორი გაუმჯობესებულია. სავალუტო შემოდინებები გაზრდილია ყველა მიმართულებით. გაზრდილია სასაქონლო და მომსახურების ექსპორტი, ამას ემატება ფულადი გზავნილებიც".

საბიუჯეტო დისციპლინის შედეგი

დავით ასლანიშვილი, ეკონომიკის დოქტორი: "ლარის კურსის ბუნებრივი ნიშნულისკენ გამყარება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. საკმაოდ კარგი ზამთრის სეზონია. ტურისტების რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ სავალუტო შემოდინების მოკლევადიანი ეფექტით დადებითი გავლენა მოახდინა ლარის კურსზე. მეორე ფაქტორად შეიძLლება დასახელდეს კარგად წარმართული საბიუჯეტო დისციპლინა. ვგულისხმობ საგადასახადო გეგმის კარგ შესრულებას და რაც მთავარია, სახაზინო ანგარიშზე ნაშთის საკმაოდ კარგ დონეზე შენარჩუნებასა და ზრდას. დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ანგარიშზე 800 მილიონი ლარია (შარშან ამ დროს 300 მილიონი ლარი იყო). ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ბოლო ორი-სამი კვირა არ გვქონია ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა და ეროვნულ ბანკსაც, კომერციული ბანკების მოთხოვნის საფუძველზე, ყბადაღებული რეფინანსირების სესხებით ლარის მასის მიწოდება არ გაუზრდია. მართალია, ამ სესხების მასშტაბი საგანგაშო და ფეთქებადსაშიშია, თუმცა 2016 წლის ნოემბერ-დეკემბრის 1,4-მილიარდიანი მაჩვენებლიდან ნელ-ნელა ჩამოვედით 1,1 მილიარდამდე. გლობალურ ბაზარზეც მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა ვითარება და ყველა ამ ფაქტორის ერთობლიობამ ის განაპირობა, რომ ლარი ნელ-ნელა უბრუნდება 2,5-იან ნიშნულს.

რაც შეეხება სამომავლო მოლოდინებს,­ უნდა ითქვას, რომ ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი, რომელიც შარშან ნოემბერ-იანვარში გვქონდა, იყო სრულიად არაბუნებრივი და გამოწვეული იყო შიდა ფაქტორებით, კონკრეტულად კი არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკით. განსაკუთრებით გამოვყოფ სებ-ის ზოგ ოპერაციას, რა თქმა უნდა, კომერციული ბანკების მოთხოვნის საფუძველზე. ეროვნული ბანკი საბანკო ოლიგოპოლიის მძევალია და სამწუხაროდ, თავს ვერ იზღვევს ამ ვითარებისგან. ვგულისხმობ შემდეგს: თუ 2015 წლის ნოემბერში რეფინანსირების სესხმა (ანუ კომერციული ბანკებისთვის სებ-ის მიერ ლიკვიდობის პრობლემის გარკვეულწილად მოსახსნელად გაცემულმა თანხამ) შეადგინა 1,1 მილიარდი, შემდეგ გადაწყდა და ეს მაჩვენებელი ნელ-ნელა ჩამოვიდა 200-250 მილიონ ლარამდე 2016 წლის მაის-ივნისში, ანუ ბანკებს ლიკვიდობის პრობლემა მოუხსნეს".

ამერიკელი ბაბუის "ნაჭამი" კანონი

ლიკვიდობის მართვის ეს ინსტრუმენტები 2008 წელს შემოიღეს, გლობალურ ეკონომიკაში ფინანსური კრიზისის დროს, რაც გამოწვეული იყო აშშ-ში კომერციული ბანკებისთვის ე.წ. გლას-სტიგოლის კანონის ფაქტობრივი გაუქმებით 1999 წელს. ეს კანონი კომერციულ ბანკებს­ საინვესტიციო საქმიანობას უკრძალავდა. ამის შემდეგ კი ბანკებს შესაძლებლობა მიეცათ და მეანაბრეებისა და დეპოზიტარების ფული დააბანდეს საკმაოდ სარისკო, არასაბანკო, არაპროფილურ საქმიანობაში. როცა ეს საფინანსო ბუშტები გასკდა, დეპოზიტარებისა და მეანაბრეების ფულის ნაცვლად ბანკებს ე.წ. ტოქსიკური ან გაუფასურებული ქონება შერჩათ ხელთ. სწორედ ამ ვითარებიდან გამოსასვლელად, სახელმწიფოებმა შეიმუშავეს ღონისძიებები, მათ შორის, რეფინანსირების სესხი - ანუ სახელმწიფომ გამოყო რესურსი, ფაქტობრივად, ფული დაბეჭდა, რათა ბანკებისთვის მიეწოდებინა ფულადი ვალდებულებების გასასტუმრებლად. ამ ყველაფერმა გაზარდა ფულადი მასა მიმოქცევაში. ჩვენც შემოვიღეთ ეს მექანიზმი 2008 წელს და სებ-ი მას აქტიურად იყენებს. თუმცა მთავარია მასშტაბები.

მაგალითად, ევროზონის ქვეყნებში, სადაც ჯამში 11 ტრილიონი ევროს ფულადი აგრეგატი არსებობს, მოკლევადიანი, 1-დან 7 დღემდე ვადის მქონე რეფინანსირების რესურსი გამოიყენება მხოლოდ 35 მილიარდი ევროს მოცულობით, რაც მთლიანი ფულის მასის 0,3%-ია. თურქეთში ეს მაჩვენებელი 2,7-3%-ია, რუსეთში - 1,7-2%, უკრაინაში, სადაც უმსხვილესი "პრივატ ბანკი" გაკოტრდა, რეფინანსირების მოცულობა მთლიანი ფულადი მასის 13%-ია. საქართველოში კი, სადაც ამგვარი პრობლემები არა გვაქვს, ეს მაჩვენებელი 20% და მეტია. ისმის კითხვა, რა ხდება? პასუხი, ალბათ, ის არის, რომ ეს სესხი არადანიშნულებისამებრ გამოიყენება".

ყალბი ზამბარის ეფექტი

თუ დავაკვირდებით დინამიკას, 2016 წლის მაისის შემდეგ რეფინანსირების სესხების მოცულობა 200 მილიონი ლარიდან 1,4 მილიარდამდე ავიდა, ახლა კი 1,15 მილიარდამდეა ჩამოსული. ფულად მასასთან თანაფარდობას თუ შევხედავთ, ვითარება საკმაოდ ფეთქებადსაშიშია. ეს ნიშნავს, რომ აშკარად პრობლემებია ლიკვიდობის კუთხით. რამ განაპირობა ამ ციფრის გაბერვა? როგორც ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, იგი დაეხმარა ბაზარზე შექმნილ ვითარებას, შერწყმისა და გარიგებების პროცესს და ბაზარს მიაწოდა როგორც დოლარი, ასევე ორი იმდენი ოდენობით ლარი. არადა, როცა ხდება დოლარის ინტერვენცია, ანუ ამოღებული იქნება ლარის ზედმეტი მასა, ამ შემთხვევაში ლარის მასა უნდა შემცირებულიყო, მაგრამ ლარის მასა, პირიქით, გაიზარდა მიმოქცევაში და იბადება შეკითხვა, საერთოდ, რა ოპერაცია იყო ეს ინტერვენცია? ფაქტობრივად, გამოვიდა ზამბარის ეფექტი - ანუ ეროვნული ბანკი ყოველ კვირას, საჭიროებიდან გამომდინარე, აკმაყოფილებდა განაცხადებს სავალუტო ბაზარზე "ბლუმბერგის" სისტემაში. შეიძლება ითქვას, სებ-მა ყალბი მოლოდინები შექმნა, რომ ყოველთვის, როცა ბანკებს დოლარი დასჭირდებოდათ, მზად იყო 2,30-2,35 კურსის დიაპაზონში მისაწოდებლად. ეს რამდენიმე ხანს გაგრძელდა, შემდეგ კი ეროვნული ბანკი, ასე ვთქვათ, "გაიპარა" სავალუტო აუქციონებიდან და როცა მივიდნენ სავალუტო დილერები და კლიენტები დოლარის ყიდვის მოთხოვნით, აღმოჩნდა, რომ დოლარის მიმწოდებელი არავინაა. სწორედ ამან გამოიწვია ნოემბრის თვეში სავალუტო პანიკა, რამაც ლარის კურსი არაბუნებრივად დასცა 2,8-მდე. შესაბამისად, მივიღეთ ყალბი ზამბარის ეფექტი, როცა ეროვნული ბანკი კურსს ხელოვნურად აჩერებს, შემდეგ კი აუქციონს ტოვებს და იქმნება ფეთქებადსაშიში ვითარება. რომ არ ყოფილიყო ასეთი გარკვეულწილად უპასუხისმგებლო, სუბიექტური თუ ობიექტური, შეუგნებელი თუ შეგნებული პოლიტიკა, ჩვენი საზოგადოება ვერასოდეს იხილავდა იმ არანორმალურ მაჩვენებელს ტაბლოებზე, რაც ნოემბერ-დეკემბერში აღირიცხა და კურსი იქნებოდა 2,50-2,55-ის ფარგლებში.

ეკონომიკის სავალუტო "ოკუპაცია"

ლარიზაცია დიდი ხნის წინ იყო დასაწყები, თუმცა ამ პროცესს გაურკვევლობაც ახლავს. ვგულისხმობ, რომ ჯერ გამოცხადდა დედოლარიზაციის პროგრამა, შემდეგ ითქვა, რომ ეს არის ლარიზაციის პროგრამა, შემდეგ მათ ახალი ცნება - სესხების გალარება დაემატა. ამან დააბნია საზოგადოება, შემდეგ ქაოსურადვე გაგრძელდა განმარტებები, ვის ეკუთვნის ეს გალარება და ვის - არა. ჯერ ითქვა 33-34 ათასი მსესხებელი, შემდეგ თქვეს 27 ათასი, მერე დაზუსტდა, რომ ეს ეხება მათ, ვისაც სესხი 2015 წლის 1-ლ იანვრამდე აქვთ აღებული. ისიც ითქვა, რომ სახელმწიფო მოხელეები და მათი ოჯახის წევრები ამით არ ისარგებლებენ; შემდეგ ისიც, ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს, ვერ ისარგებლებს... კომერციული ბანკებიც ვერ გაერკვნენ, შეიძლება ჯერ ინტერესიც ვერ გამოხატეს, რა ხდება ამ სიტუაციაში.

ჩვენი ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტი 14,5-15 მილიარდი დოლარია, მთელი ამ მასიდან მხოლოდ 10-დან 20%-მდე არის ლარით უზრუნველყოფილი. ჩვენი ეკონომიკა გარკვეულწილად "ოკუპირებულია" უცხოური ვალუტით. ახლა დგას ამოცანა, ეს მაჩვენებელი 10-20%-დან გაიზარდოს 40-50%-მდე, რათა ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც იღებს ჩვენი მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო იქნება თუ ეროვნული ბანკი, გადაცემის ეფექტი უფრო საფუძვლიანი ჰქონდეს. ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა პატარა დეკრეტით დაწყება, თუნდაც მოხელეებისთვის - რადგან გვაქვს სახელმწიფო, გვაქვს ვალუტა, ყველამ კეთილინებოს და ანაბრები ეროვნულ ვალუტაში განათავსოს. ეს გააჩენს ნდობის ფაქტორსაც, რაც აკლია ლარს და ხელს შეუწყობს მის დაგროვების ფუნქციას".

ემა ტუხიაშვილი

წყარო „კვირის პალიტრა"