გაზზე ახალი ტარიფი დაწესდება?!

რამდენიმე თვეში გაზზე ახალი სამომხმარებლო ტარიფი გვექნება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სეწმეკი) ტარიფების გადახედვის მოთხოვნით უკვე მიმართა "სოკარ ჯორჯია გაზმა" და "საქორგაზმა" (ორივე კომპანია "სოკარ გაზის" ჯგუფის წევრია). მათი განაცხადების საფუძველზე, სეწმეკი საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას 1-ლ მარტს დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წელიწადში ეს პირველი შემთხვევაა, როცა გაზგამანაწილებელი კომპანიები ტარიფის გადახედვას ითხოვენ. კომისიის წევრები პროგნოზებისგან თავს იკავებენ, ხოლო ენერგეტიკოსთა ვარაუდით, გაზზე სამომხმარებლო ტარიფის ზრდა გარდაუვალი იქნება.

"კვირის პალიტრა" ჯერ კიდევ შარშან ოქტომბერში წერდა, რომ მაღალი საინვესტიციო დანახარჯების გამო, რომელიც ასეულობით მილიონ დოლარს შეადგენს, "სოკარ ჯორჯია გაზი" სეწმეკს ტარიფების გადახედვის მოთხოვნით მიმართავდა. "სოკარში" არ აკონკრეტებენ, რამდენი თეთრით შეიძლება გაიზარდოს გაზის ტარიფი. სეწმეკში შეტანილ განაც­ხ­ადთან დაკავშირებით კომე­ნ­ტარი "სოკარ ჯორჯია გაზის" ხელმძღვანელმა აზერ მამედ­ოვმა გააკეთა. მისი განცხადებით, კომპანიის სამომხმარებლო ტარიფები რეგიონების მიხედვით განსხვავებულია და, შესაძლოა, დაწესდეს ერთიანი ტარიფი. "სოკარი" საქართველოს გაზგა­მანაწილებელი სისტემის 95%-ს ფლობს.

გოჩა შონია, სეწმეკის წევრი: "ბოლო 10-11 წელიწადია, ბუნებრივ აირზე ტარიფის გადახედვა­ არ მომხდარა და ისმის კითხვა,­ რამ გამოიწვია კომპანიების მხრიდან ტარიფის გადახედვის მოთხოვნა. 2014 წელს მივიღეთ­ საუკეთესო პრაქტიკის მქონე სატ­არიფო მეთოდოლოგია, რომელიც ჩვენს ევროპელ კოლეგებს აქვთ და გულისხმობს ტარიფების ყოველწლიურ გადახედვას. 2014-2016 წლებში გადავხედეთ ელექტროენერგეტიკის სექტორს, ყველა სუბიექტის სატარიფო განაცხადებს, სატარიფო აპლიკაც­იებს და შესაბამისად, ელექტრ­ოენერგეტიკის სექტორში მოხდა­ მთლიანად ამ დარგის სატარიფო­ რეგულირება. რაც შეეხება ბუნებრივი აირის სექტორს, მისთვისაც შევიმუშავეთ ახალი სატარიფო მეთოდოლოგია, რომელიც ასევე გულისხმობს ყოველწლიურად ტარიფების გადახედვას. ბოლო 10-11 წელიწადში ბუნებრივი აირის სექტორში ბევრი რამ შეიცვალა: გაჩნდნენ ახალი სუბიექტები, დაბანდდა დიდი ინვესტიციები და სხვა. შესაბამისად, გარკვეულწილად შეიცვალა თამაშის წესები, რეგულაციებიც. ეს ყველაფერი საჭიროებს ტარიფების გადახედვას არსებული რეალობის გათვალისწინებით.

- ამ პროცესში შეიძლება თუ არა, გაიზარდოს ტარიფი და რამდენით?

- ყველაფერი შესაძლებელია,­ თუმცა ეს არ არის გარდაუვალი­ აუცილებლობა. ტარიფების გადახედვა ცალსახად მათ გაზრდას არ ნიშნავს.

სანამ ტარიფების დეპარტამენტი არ ჩაიხედავს კომპანიების სატარიფო აპლიკაციებში, წარმოდგენილ დოკუმენტაციებში, რა ფინანსური მდგომარეობა აქვთ კომპანიებს, რა ინვესტიციებია დაბანდებული, რა მოცულობებია განაწილებული, რა ფასად უწევთ ბუნებრივი აირის შესყიდვა და სხვა, რამე კონკრეტულის თქმა რთული­ იქნება. ამიტომ, შესაძლოა, 2-3 თვე გახდეს საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად".

გია არაბიძე, ენერგეტიკოსი:

­ - სიმართლე გითხრათ, არ გამკვირვებია, რომ ორმა გაზგამანაწილებელმა კომპანიამ სეწმეკს­ ტარიფების გადასაანგარიშებლად მიმართა. როგორც სპეციალისტმა, ვიცოდი და ველოდი ამას.

კომპანიების მთავარი არგუმ­ენტი ის არის, რომ მკვეთრად შეიცვალა ლარისა და დოლარის გაცვლითი კურსი. გახსოვთ, რომ დაახლოებით ორი წლის წინ ეს თანაფარდობა იყო 1 დოლარი - 1,75-1,85 ლარი, ახლა კი კურსი თითქმის გაორმაგებულია. ბუნებრივ აირს კომპანიები სწორედ დოლარით ყიდულობენ.

კიდევ ერთი გარემოება, რაც კომპანიებისთვის ტარიფის გადახედვის მოთხოვნის საბაბი შეიძლება გამხდარიყო, "სოკარ ჯორჯია გაზის" მიერ ბოლო წლებში­ განხორციელებული ინვესტიციებია. კომისიას მოუწევს მუშ­აობა იმ ობიექტური ტარიფის დასადგენად, რომელიც ენერგოკომპანიებს საქმიანობის გაგრძელების საშუალებას მისცემს, მოსახლეობას კი მოუწევს, მიიღოს და შეისყიდოს ენერგოკომპანიების შეთავაზებული პროდუქტი.

- "გაზპრომთან" ხელშეკრულების პირობების ცვლილებამ თუ შეიძლება იქონიოს გავლენა სამომხმარებლო ტარიფებზე?

- 2017 წელს "გაზპრომიდან" ტარიფებთან დაკავშირებით დარტყმას არ ველოდები, რაკი ნატურით გადახდის პირობა სანახევროდ მოქმედებს. ანუ, თუ ვთქვათ,­ სომხეთი 2 მილიარდ კუბმ გაზს მიიღებს ჩვენგან, ძველი ხელშეკრულებით დაგვრჩებოდა 200 მილიონი კუბმ, ახლა ნატურით დაგვრჩება მისი 50%, რაც 100 მილიონი კუბმ-ია. მოხმარების დასაბალანსებლად შესაძენი გვრჩება 100 მილიონი კუბმ გაზი. ახალი ხელშეკრულებით ტრანზიტისთვის მიღებული თანხით ვერ შევძლებთ იმდენი გაზის შესყიდვას, რამდენსაც ნატურით ვიღებდით. შესაბამისად, დანაკლისის შესავსებად თანხის გაღება დაგვჭირდება.

მოდი, ვნახოთ, რიცხობრივად რამდენია ეს დანაკლისი? თუ ჩვენ დაგვჭირდება 200 მილიონი კუბმ დანაკლისის შესავსებად, ეს ჩვენი მოხმარების დაახლოებით 8%-ია. შესაბამისად, 2017 წელს 4%-ს ვიღებთ ნატურით და შესასყიდი­ 4% გვრჩება. ამ 4%-ის ნაწილსაც­ ტრანზიტისთვის აღებული თანხით შევიძენთ... ამიტომ 2017 წელს "გაზ­პრომთან" დადებული ახალი ხელშეკრულების პირობები ტარიფებზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს.

2018 წელს ცოტა უფრო მძიმედ გვექნება­ საქმე, რადგან ტრანზიტის საფასურს მთლიანად თანხით მივიღებთ. თუმცა ეს საგანგაშო მაინც არ იქნება, რადგან რუსეთიდან მიღებული გაზი ჩვენთვის არ არის იმ მოცულობის, რომ შესყიდვის ტარიფს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენოს.

ემა ტუხიაშვილი

წყარო „კვირის პალიტრა"