ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა

ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა. როგორც ბათუმის საკრებულოდან იუწყებიან, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები კოლეგებს საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა სირაბიძემ გააცნო.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დადგინდა ქალაქ ბათუმში სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი. საკრებულოს განმარტებით, აღნიშნული დადგენილების მიღება განპირობებული იყო პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად, რომლის თანახმად წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს ყოველი წლის თებერვლისა, მიწის ნორმატიულ ფასს საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით ადგენენ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოები - საკრებულოები.

ტექნიკური ხასიათის ცვლილებები შევიდა ბათუმის საკრებულოს დადგენილებაში, რომელიც განსაზღვარავს თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობების სახეობების ჩამონათვალსა და ტერიტორიულ ზონებს, სადაც აკრძალულია ან/და შესაძლებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა. აღნიშნული დადგენილების მიღების მიზანს წარმოადგენდა მისი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

”ცვლილებები შევიდა ასევე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულებაში, რის შედეგადაც, სამსახურისათვის დებულებით მინიჭებული უფლებამოსილებები შესაბამისობაში იქნა მოყვანილი არსებულ რეალობასთან, შესაბამისად, სამსახური შეძლებს დებულების მიხედვით მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა მიმართულებით საქმიანობის წარმართვას. კერძოდ, გათვალისწინებულ იქნა შიდა აუდიტორული ანგარიში და რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც, განისაზღვრა სოციალური დაცვისა და ვეტერანთა საქმეების განყოფილებაში გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალი”, - განმარტავენ ბათუმის საკრებულოში.

მათივე ინფორმაციით, საკრებულოს წევრებმა სხდომაზე მხარი დაუჭირეს განკარგულების პროექტს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) მეორადი სამშენებლო და მეორადი სხვა მასალების სოციალურად დაუცველი, სტიქიით დაზარალებული და სხვა პირებისათვის გადაცემის პროგრამის დამტკიცების შესახებ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველ, სტიქიით დაზარალებულ და სხვა პირთათვის მასალების გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ბათუმის ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველ და სხვა პირთა მატერიალური დახმარების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისია. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დაინტერესებული პირის განცხადებისა და კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის დასკვნისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის თანხმობის საფუძველზე.

”საკრებულოს წევრთა მხარდაჭერა მიიღო საკრებულოს განკარგულების პროექტმა, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მცხოვრები სამი ოჯახისთვის საცხოვრებელი ბინებისა და სარემონტო თანხის გადაცემა. განკარგულების მიღების მიზანია ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა და გახორციელება, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ამორტიზებული შენობა-ნაგებობებისგან გამოთავისუფლება და აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება”, - განმარტავენ ბათუმის საკრებულოში.

მათივე ინფორმაციით, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ხელვაჩაურის დასახლებაში 8673,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საინვესტიციო პროექტის გასახორციელებლად მისი შემდგომი განკარგვის მიზნით და ბათუმში, ლეონიძის ქ. N11-ში მდებარე 250,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სამანქანე გზის მოსაწყობად.

საკრებულოს წევრებმა თანხმობა მისცეს ბათუმის მერს შპს „გზას“ სასყიდლიან სარგებლობაში გადასცეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 230 ცალი რკინა-ბეტონის ფილა (მეორადი), ასევე, მხარი დაუჭირეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანოების საზოგადოებრივი დარბაზისა და მრჩეველთა საბჭოს ფორმირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ დებულების დამტკიცებას.

საკრებულოს სხდომის დასასრულს საზოგადოება „ბათომის“ დირექტორმა ნინო ინაიშვილმა საკრებულოს წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას ქალაქის ურბანულ პოლიტიკაზე, არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ესაუბრა.

სხდომას ბათუმის მერიის სამსახურების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.