განცხადებების დიდი ნაწილი მოქალაქეების ფინანსურ მონაცემებზე წვდომას ეხებოდა - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2016 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მიმოიხილავს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით არსებულ ტენდენციებს, ინსპექტორის აპარატის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, გამოწვევებს, გამოვლენილ სამართალდარღვევებს, მათზე რეაგირების შედეგებსა და სხვა პრობლემატურ საკითხებს.

როგორც  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიდან იუწყებიან, 2016 წლის განმავლობაში მიღებული განცხადებებისა და ინსპექტირების შედეგად ინსპექტორმა მონაცემთა დამუშავება რამდენიმე საჯარო და კერძო დაწესებულებაში შეისწავლა. შედეგად გამოვლინდა სამართალდარღვევის 221 ფაქტი; 63 ორგანიზაციას დაეკისრა ჯარიმა; 35-ს მიეცა გაფრთხილება; არაერთ საჯარო და კერძო დაწესებულებას დაევალა მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების გატარება და ამ მიზნით გაიცა 202 მითითება და რეკომენდაცია; 47 შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გამო პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხდა, ხოლო 6 შემთხვევაში, დანაშაულის ნიშნების არსებობიდან გამომდინარე, საქმე გადაეცა უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოს.

2015 წელთან შედარებით, 2016-ში 3-ჯერ გაიზარდა მოქალაქეების, საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის გაწეული კონსულტაციების რაოდენობა; ასევე 2-ჯერ გაიზარდა ფიზიკური პირების განცხადებებისა და ინსპექტირების რიცხობრივი მაჩვენებელი;

ინსპექტორის მიერ განხილული 216 განცხადებიდან 121 მონაცემთა დამუშავების საფუძვლებისა და პრინციპების საკითხს უკავშირდებოდა; აქედან, განცხადებების დიდი ნაწილი ეხებოდა მოქალაქეების ფინანსურ მონაცემებზე წვდომას და მათი სასესხო ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მესამე პირებისთვის გამჟღავნებას, ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობისას ინსპექტორმა ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით 47-ჯერ არ გასცა თანხმობა ფარული საგამოძიებო მოქმედებების დაწყებაზე - მონაცემთა დამუშავების საფუძვლის კანონიერების შემოწმების დროს გამოვლენილი ტექნიკური შეცდომის ან განჩინების სარეზოლუციო ნაწილში არსებული უზუსტობა/ბუნდოვანების გამო. 2015 წელთან შედარებით 28 ერთეულით არის გაზრდილი ინსპექტორის აპარატში შემოსული მოსამართლის განჩინებების რაოდენობა სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ, ხოლო შუამდგომლობების რიცხვი ვადის გაგრძელების თაობაზე 6-ით არის შემცირებული.

პირდაპირი მარკეტინგის წესის დარღვევის შესწავლის მოთხოვნით ინსპექტორს 2016 წელს 48 მოქალაქემ მიმართა. აქედან, გამოვლინდა დარღვევის 30 შემთხვევა, 27 შემთხვევაში დამრღვევ ორგანიზაციას დაეკისრა ჯარიმა, ხოლო 3 შემთხვევაში სანქციის შეფარდება ვერ მოხდა კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით მომზადდა ინსპექტორის აპარატის 2017-2021 წლების ინსტიტუციური განვითარების სტრატეგია; განისაზღვრა უწყების ღირებულებები, მისია, ხედვა, ძირითადი მიზნები და 2-წლიანი სამოქმედო გეგმა; პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებისა და საგანმანათლებლო მიზნით არაერთი შეხვედრა და საინფორმაციო კამპანია განხორციელდა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით დაიწყო მუშაობა საკანონმდებლო წინადადებებზე; ინსპექტორის აპარატის ჩართულობით გაღრმავდა ევროპის საპოლიციო სამსახურთან (ევროპოლი) თანამშრომლობა. ევროსაბჭოსთან თანამშრომლობით დაიწყო მუშაობა მედიისთვის სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებაზე, რომელთა მთავარი მიზანი მოქალაქეთა პირადი ცხოვრების გაშუქებისას ბალანსის დაცვის წახალისებაა. ინსპექტორის აპარატმა უმასპინძლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების პირველ კონფერენციას. გაღრმავდა ორმხრივი თანამშრომლობა სხვა ქვეყნების მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ინსტიტუციებთან.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ანგარიშს წელიწადში ერთხელ წარუდგენს. ეს ინსპექტორის რიგით მეოთხე ანგარიშია.

ანგარიშის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://personaldata.ge/manage/res/images/2017/angarishi/Annual%20Report-2016.pdf