ლარის რევალვაციის გავლენა საწვავის ბაზარზე ჯერჯერობით არ შეინიშნება. მართალია, ბოლო დღეების განმავლობაში საბითუმო ფასი შემცირდა, თუმცა საცალო ქსელში საწვავის გაიაფებას მომდევნო 2 კვირის განმავლობაში არ ვარაუდობენ. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, იმპორტიორები ადასტურებენ, რომ ლარის გამყარება საწვავზე ფასის კლების საშუალებას იძლევა, მაგრამ ეს ცოტა მოგვიანებით გახდება შესაძლებელი. დაახლოებით 10-12 დღის შემდეგ ავტომფლობელები შეღავათს იგრძნობენ.
ბოლო დღეების განმავლობაში საწვავი, საშუალოდ, 10 თეთრით გაძვირდა. ცვლილება შეეხო როგორც ბრენდირებულ, ისე არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებს. ვითარება სასიკეთოდ ორშაბათიდან შეიცვალა, როდესაც ეროვნული ვალუტა ერთბაშად გამყარდა.
მიუხედავად ამისა, იმპორტიორები საწვავის გაიაფების შესაძლებლობას ჯერჯერობით არ უშვებენ. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საწვავის გაიაფება ვერ ხერხდება, საერთაშორისო ფასია.
ამ ეტაპზე "პლატცის" მიხედვით, 1 ტონა ბენზინი 549 დოლარი ღირს, ხოლო 1 ტონა დიზელი - 494,4 დოლარია. რაც შეეხება საქართველოში საბითუმო ფასს, 1 ლიტრი ბენზინი 1,83 ლარად იყიდება, ხოლო დიზელის ფასი 1,71-1,72 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსი თუნდაც დღევანდელ ნიშნულზე შეჩერდა (2,43), რამდენიმე დღეში საწვავის საბითუმო ღირებულება 7-10 თეთრით დაიკლებს. შესაბამისად, ბენზინი და დიზელი გაიაფდება ავტოგასამართ სადგურებშიც.
კომპანია "სენტას" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ლარის გამყარება აუცილებლად აისახება ფასზე იმ შემთხვევაში, თუკი არსებული კურსი შენარჩუნდება. თუკი რევალვაციის ტენდენცია გაგრძელდება, ეს საწვავის ფასს საგრძნობლად დაეტყობა.
"ლარის კურსის გამყარება აუცილებლად აისახება საწვავის ღირებულებაზე. საბითუმო ბაზარზე კლება უკვე შეინიშნება, საწვავი 3-4 თეთრით გაიაფდა. ცვლილებაზე, როგორც წესი, პირველად საბითუმო ბაზარი რეაგირებს და შემდეგ აისახება საცალო ქსელში.
ჩვენთვის მთავარია, ლარის გამყარების ტენდენცია ხანგრძლივ პერიოდში შენარჩუნდეს, მაგრამ, ამავე დროს, საერთაშორისო ფასმაც უნდა შეგვიწყოს ხელი. ერთიც და მეორეც გახლავთ ფასის ძირითადი მდგენელი საქართველოში. ამიტომ ვამბობ, რომ საწვავის გაიაფება შესაძლებელია არსებული კურსის პირობებშიც, თუ მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასი არ მოიმატებს.
არა მგონია, მომავალ კვირაში ვითარება საგრძნობლად შეიცვალოს. ფასის ასახვა საცალო ქსელში ასე სწრაფად არ ხდება. ვფიქრობ, 2 კვირა დაგვჭირდება იმისათვის, რათა საფასო დინამიკა შეიცვალოს", - განმარტავს ზაალ იაკობიძე.
იმპორტიორების პოზიციას იზიარებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირშიც და ადასტურებენ, რომ საწვავის ფასზე ლარის კურსის ასახვას, სულ მცირე, 2 კვირა დასჭირდება. კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, რომელიც საწვავის ღირებულებაზე ახდენს გავლენას - "პლატცის" ფასი, აქციზის ზრდა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი.
"საერთაშორისო ბაზარზე ბოლო პერიოდის განმავლობაში მეტ-ნაკლებად სტაბილური ვითარებაა. 1 ბარელი ნავთობი, საშუალოდ, 55-56 დოლარის დიაპაზონშია. ოპეკის წევრი ქვეყნების შეთანხმებამ ფასებზე გარკვეული გავლენა მოახდინა და გაძვირდა ნავთობი. დადებული პირობა რეალურად სრულდება და ეს არის მიზეზი, რომ ნავთობის ფასი სტაბილურ ნიშნულზეა ბოლო 2 თვის განმავლობაში.
საქართველოში არის სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები, მათ შორის, აქციზი, დღგ-ს გადასახადი და სხვა, რაც ფასზე აისახება. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ლარის გაცვლით კურსს, რომელსაც საწვავის თვითღირებულებაში 70% უკავია. როდესაც გამყარებაზეა საუბარი, ეს არის უდავოდ პოზიტიური მოვლენა, თუმცა მან ფასზე რომ იმოქმედოს, სჭირდება დრო, ჩვენ შემთხვევაში კიდევ 2 კვირა", - განმარტავს მთვრალაშვილი და დასძენს, რომ კურსის ფაქტორი ფასზე მყისიერად ვერ ახდენს გავლენას.
"ვაჭრობის სექტორში ვერ დამისახელებთ ვერც ერთ დარგს, სადაც ლარის გამყარების გავლენა უკვე იგრძნობა. ასეთი ცვლილებისთვის დროა საჭირო. სამომავლოდ, თუ კიდევ დაბლა წამოვა კურსი, ბიზნესისთვის დიდი შეღავათი იქნება. დაბალი ფასი არის მეტი რეალიზაცია, მეტი ბრუნვა და არც ერთი კომპანია ასეთ შესაძლებლობაზე უარს არ იტყვის", - განუცხადა "რეზონანსს" ვანო მთვრალაშვილმა.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"