„კონსტრუქციაზე მუშაობა სრულდება”- როდიდან გამოჩნდება თბილისში პირველი ვერტიკალური პარკინგი?

თბილისში პირველი ვერტიკალური პარკინგის კონსტრუქციის მშენებლობა უახლოეს დღეებში დამთავრდება. როგორც პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა მალხაზ ცისკარიშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, დედაქალაქში პირველი ვერტიკალური პარკინგი შესაძლოა, დაახლოებით 2 კვირის შემდეგ გამოჩნდეს.

„ამ ეტაპზე 4-მანქანიან კონსტრუქციაზე ვასრულებთ მუშაობას, რის შემდეგაც ტესტირების ჩატარებაა საჭირო. ამ ყველაფერს კი დაახლოებით 2 კვირა სჭირდება და ჩვენი ვარაუდით, ვერტიკალური პარკინგები დედაქალაქში სავარაუდოდ ორი კვირის შემდეგ გამოჩნდეს“, - აღნიშნა მალხაზ ცისკარიშვილი.

მისივე თქმით, ეს იქნება საცდელი ნიმუში და სანამ საცდელი ნიმუში არ დასრულდება, სერიაში ჩაშვება არ მოხდება. პროექტის ერთ-ერთი ავტორის თქმით, პირველივე ეტაპზე ქალაქს დაახლოებით, ათასი ასეთი კონსტრუქცია სჭირდება.

რაც შეეხება ღირებულებას, როგორც ცისკარიშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მშენებლობისა და გამოცდების დასრულებამდე ზუსტი ღირებულების თქმა ძნელია. მაგრამ მისი თქმით, სერიული ნაწარმი შედარებით იაფი ეღირება.

ცისკარიშვილის ვარაუდით, პირველი ვერტიკალური პარკინგი შესაძლოა დადიანის გამზირზე გამოჩნდეს. მისივე ცნობით, პარკინგები 4, 6, 8, 10 და 12 მანქანაზე იქნება გათვლილი.

პროექტის სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, აღნიშნული პარკინგები დედაქალაქში, ქუჩებზე პარკინგისა და ამის გამო საცობების არსებულ პრობლემებს მოაგვარებს. ასევე კონსტრუქციების შეძენა კერძო ბიზნესსაც შეეძლება. როგორც ცისკარიშვილი აღნიშნავს, ზოგიერთი სამშენებლო კომპანია უკვე დაინტერესებულია და ელოდება მათ ნაწარმს.

პროექტზე, რომელმაც ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციური პროექტების კონკურსში გაიმარჯვა და 100 ათას ლარიანი დაფინანსება მოიპოვა, მეცნიერებისა და კონსტრუქტორების 4-კაციანი ჯგუფი - მალხაზ ცისკარიშვილი, ანზორ საკანდელიძე, ფრიდონ ბუნთაძე და სერგო ჯორბენაძე მუშაობს.