საქართველოში პირველად საბანკო პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიღებას მომხმარებლები "თი ბოტის" მეშვეობით შეძლებენ

საქართველოში პირველად, საბანკო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიღებას Facebook Messenger-ის მომხმარებლები „თი-ბოტის“ მეშვეობით შეძლებენ.

როგორც  „თიბისი ბანკიდან“ იუწყებიან, აღნიშნული ინოვაციურ სიახლე მომსახურების დისტანციურ არხებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს და თანამედროვეს ხდის. „თი-ბოტის“ პრეზენტაცია დღეს ტექნოპარკში გაიმართა.

„თი-ბოტი“ - ასე ჰქვია „ჩატბოტს“, რომელიც შეგიძლიათ თქვენი Messenger-ის საძიებო ველში იპოვოთ და გაესაუბროთ. ის მუდამ ხელმისაწვდომია, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, კვირაში 7 დღე, 24 საათი. „თი-ბოტი“ მიგასწავლით „თიბისი ბანკის“ ფილიალებსა და ბანკომატებს თქვენთვის მოსახერხებელ მისამართზე, ასევე, გაგაცნობთ ვალუტის კურსებს და მოგაწვდით ინფორმაციას სესხების შესახებ. „თი-ბოტი“ ჯერ ახალბედაა, ცოტა რამ იცის საკუთარი თავის შესახებაც, მაგალითად, რა ჰქვია, რას აკეთებს, რამდენი წლის არის, სად მუშაობს, რა ფილმი, წიგნი თუ მუსიკა უყვარს. ვიზუალურ მხარეს „თი-ბოტი“ ღირსშესანიშნავი თარიღების და აქტუალური მოვლენების მიხედვით შეიცვლის. „თი-ბოტი“ არის პირველი, ქართულ ენაზე მოლაპარაკე „ჩატბოტი“, რომელიც ქართველმა დეველოპერებმა შექმნეს“, - აცხადებენ „თიბისი ბანკში“.

„თიბისი ბანკის“ აზრით, მნიშვნელოვანია მომხმარებელს მშობლიურ ენაზე ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებთან, სწორედ ამიტომ „თი-ბოტი“ მხოლოდ ქართულ შრიფტს იყენებს და ყველას მოუწოდებს, წერონ ქართულად.

„სამომავლოდ მისი ფუნქციები გაიზრდება და ის შეძლებს თქვენი ასისტენტი გახდეს, მაგალითად, შეგისრულოთ თანხის გადარიცხვის ოპერაცია, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია თქვენი ანგარიშების შესახებ, ასევე, თიბისი ბანკის პროდუქტებსა თუ სერვისებზე და ა.შ. ე.წ. „ჩატბოტი“ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ინოვაციური და ექსპერიმენტული პროდუქტია. უდიდესი ბანკები აშშ-სა და ევროპაში სწორედ ახლა ნერგავენ ამგვარ მომსახურებას. „ჩატბოტებს“ წარმატებით იყებენ ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიც არის Amazon, KLM, CNN და სხვ.

„თი-ბოტის“ პოვნა მარტივად შეგიძლიათ თქვენს Messenger - ში, როგორც მობილურ აპლიკაციაში, ისე დესკტოპზე. „თი-ბოტი“ შეგიძლიათ იპოვოთ შემდეგ ლინკზე: https://www.facebook.com/TBCTIbot/“, - ნათქვამია „თიბისი ბანკის“ პრესრელიზში.