რა ქონებას ფლობს მილიონერი დეპუტატი ნატო ჩხეიძე

მონიტორინგის ცენტრის "მედიატორის" კვლევის შედეგად, პარლამენტში გამოვლენილი 41 მილიონერი დეპუტატიდან ერთ-ერთი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ნატო ჩხეიძეა. კვლევის თანახმად, ჩხეიძის დეკლარირებული ქონება 50 მილიონ ლარს აჭარბებს.

ნატო ჩხეიძე ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლისა და ტელეკომპანია „იბერიას“ მფლობელის ზაზა ოქუაშვილის მეუღლეა.

2016 წლის 30 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი ნატო ჩხეიძე ფლობს 2 ბინას თბილისში, საირმის ქუჩაზე მდებარე - 170.13 კვადრატული მეტრი ფართობისა და ჭავჭავაძის გამზირზე - 428.30 კვადრატული მეტრი ფართობის ბინებს. ასევე ამავე მისამართებზე მდებარე 29.52 კვ. მეტრისა და 40 კვ. მეტრი ფართობის ავტოფარეხებს. მის საკუთრებაშია 1 203 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი წყნეთში; მასვე ეკუთვნის გორში, სოფელ ყელქცეულში არსებული 9 376 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 1.3%, რომლის თანამფლობელი ასევე არის როსტომ ჩხეიძე.

ჩხეიძე ფლობს ასევე 10 ათას ლარზე მეტი ღირებულების მქონე ორ ნივთს - პიანინოსა და ფერწერულ ტილოს.

დეკლარაციის შევსების მომენტში, ჩხეიძეს „ბანკი ქართუს“ მიმდინარე ანგარიშზე 116 823 ლარი ერიცხებოდა; „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 39 052 ლარი; ხოლო „HSBC ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 17 727 ბრიტანული ფუნტი ჰქონდა. მასვე ნაღდი ფულადი თანხის სახით 7 500 ლარი ჰქონდა.

დეკლარაციის მიხედვით, გასული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ჩხეიძის გასავალმა 83 100 ლარი შეადგინა. აქედან, 49 200 ლარი სწავლის საფასური; 21 700 რემონტის ხარჯები; 12 200 მკურნალობის თანხა იყო.

ნატო ჩხეიძეს ჰყავს მეუღლე ზაზა ოქუაშვილი და შვილები - რატი და გიორგი ოქუაშვილები. ზაზა ოქუაშვილი, რომელიც ასევე „პატრიოტთა ალიანსის“ რიგებიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრია, ფლობს 170 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას ლონდონში; საცხოვრებელ სახლებს თბილისში - ოდესის ქუჩაზე მდებარე 1 081 კვ. მეტრი ფართობისა და ოქროყანაში 1 310 კვ. მეტრი ფართობის სახლებს; ასევე მასვე ეკუთვნის გორში მდებარე 515 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლის 3.4%, მისი თანამფლობელი კი ზაალ სიფრაშვილია. ოქუაშვილს ეკუთვნის ასევე - სოფელ დიღომში 4 200 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი; თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე - 95 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართის 21.24%; იმავე ქუჩაზე მდებარე 17 კვ. მეტრის ავტოფარეხსა და 3 866 კვადრატული მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართის 9.12%; წყნეთში მდებარე 6 023 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი და გორში, სოფელ კარალეთში მდებარე 39 987 კვ. მეტრის არასაცხოვრებელი ფართი.

ბიზნესმენს ეკუთვნის ასევე მსუბუქი ავტომობილი BMW x6. დეკლარაციის მიხედვით, ის ასევე ფლობს პანამაში 200 ფასიან ქაღალდსა და შვეიცარიაში 125 000 ფასიან ქაღალდს, ობლიგაციის სახით.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში, ჩხეიძის მეუღლეს ზაზა ოქუაშვილს „თი-ბი-სი“ ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე - 104 910 ევრო; 114 400 დოლარი და 74 400 ლარი ჰქონდა; „HSBC ბანკის “ მიმდინარე ანგარიშზე კი 37 750 ბრიტანული ფუნტი ერიცხებოდა. ამასთან, ნაღდი ფულის სახით, ოქუაშვილს 8 600 ლარი ჰქონდა.

ოქუაშვილის სახელზეა რეგისტრირებული ასევე რამდენიმე ხელშეკრულება. ჯამში 260 945.28 ლარის ოდენობის იჯარა, რომელთა შედეგადაც 1 წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი - 161 788 ლარი იყო.