ნიკოლოზ გაგუა - საქართველოს ეკონომიკას ენდობა სულ უფრო მეტი საერთაშორისო ინვესტორი, რომლებიც ჩვენს ქვეყანას კარგ ბიზნესგარემოდ განიხილავენ

საქართველოს ეკონომიკას ენდობა სულ უფრო მეტი საერთაშორისო ინვესტორი, რომლებიც ჩვენს ქვეყანას კარგ ბიზნესგარემოდ განიხილავენ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ 2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, 2016 წელს წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წელს 1,645 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22 პროცენტით აღემატება 2015 წლის წინასწარ და 5 პროცენტით - ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს.

ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა 2014 წლიდან მოყოლებული, სტაბილურად ინარჩუნებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 1,5-მილიარდ აშშ დოლარზე მაღალ მაჩვენებელს. მისივე თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ძირითადი ზრდაში ძირითადი როლი ითამაშეს შემდეგმა სექტორებმა: ენერგეტიკა (64%-ით მეტი წინა წელთან შედარებით), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,3%-იანი ზრდა), დამამუშავებელი მრეწველობა (80%-იანი ზრდა) და მშენებლობა (47%-იანი ზრდა).