თქვენი 33 პერსონალური მონაცემი, რომელიც სხვებისგან უნდა დაიცვათ (ნაწილი პირველი)

რა არის ჩემი პერსონალური მონაცემები? სახელი, გვარი, პირადი ნომერი - ეს, ალბათ, პირველია, რაც ამ კითხვაზე საპასუხოდ გაგახსენდათ. მაგრამ ეს სულ სამი მონაცემია.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი წარმოგიდგენთ ანბანს , რომლითაც მიიღებთ დაწვრილებით ინფორმაციას საკუთარი მონაცემების შესახებ. მაშ ასე, ინფორმაცია 33 პერსონალური მონაცემის შესახებ, მათი დაცვის მარტივი ხერხები და ის საფრთხეები, რასაც მათი უკანონოდ გამოყენება იწვევს.

ანაბეჭდი

- თითის ანაბეჭდი უნიკალურობის გამო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბიომეტრიული მონაცემია. გამოიყენება პიროვნების იდენტიფიცირების, ვიზის გაცემისა და საზღვრის კონტროლის, საცავებში ან საიდუმლო ობიექტებზე შესვლის, გამოძიების მიზნებისთვის. კერძო ორგანიზაცია ანაბეჭდის აღებამდე ვალდებულია, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რა მიზნით გამოიყენებს თქვენს მონაცემს და რა ზომებს მიიღებს მის დასაცავად.

ბანკის ამონაწერი - დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია საბანკო ანგარიშიდან შესრულებული ფინანსური ტრანზაქციების, მათი დანიშნულებისა და თარიღის შესახებ. გამოიყენება ანგარიშზე თანხების მიმოქცევის კონტროლის, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციაში, მაგალითად საელჩოში წარსადგენად. ამონაწერის მიღება შეუძლია მხოლოდ ანგარიშის მფლობელს უშუალოდ ბანკში ან ინტერნეტ ბანკის მეშვეობით. კანონით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა ბანკის ამონაწერის მესამე პირისთვის გადაცემა დაუშვებელია და საფინანსო დაწესებულება ვალდებულია დაიცვას საბანკო საიდუმლოება.

გვარი

- პერსონალური მონაცემი, რომელიც პირს დაბადების რეგისტრაციისას ენიჭება. მითითებულია პრაქტიკულად ყველა დოკუმენტში, მათ შორის პასპორტში, მართვის მოწმობაში, დიპლომში, ხელშეკრულებებში. ინახება საჯარო და კერძო ორგანიზაციების მონაცემთა ბაზებში. სხვა პერსონალურ მონაცემებთან, მაგ. სახელთან და დაბადების თარიღთან კომბინაციაში გვარი შესაძლოა გახდეს პირის უნიკალური მაიდენტიფიცირებელი მონაცემი.

დიაგნოზი

- პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების მიმართ კანონმდებლობა დაცვის განსაკუთრებულად მაღალ სტანდარტს აწესებს. შესაბამისად, ორგანიზაციას არ აქვს უფლება გაამჟღავნოს დიაგნოზი პაციენტის თანხმობის გარეშე, თუ ეს არ ხდება მისი სასიცოცხლო ინტერესიდან ან კანონით გათვალისწინებული სხვა გამონაკლისი შემთხვევებიდან გამომდინარე.

ელექტრონული ფოსტა

- პერსონალური მონაცემი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციისთვის გამოიყენება, თუმცა ამ ფარგლებს უკვე დიდი ხანია გაცდა და პირის ელექტრონული იდენტობის შემადგენელ ნაწილად იქცა. ელექტრონული ფოსტის გარეშე შეუძლებელია დარეგისტრირება სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ვებგვერდებსა თუ ონლაინ მაღაზიებში. ელექტრონული ფოსტის მისამართის მიწოდებას ხშირად ითხოვენ ღონისძიებაზე რეგისტრაციისას, დისტანციური მომსახურების გაწევისას, დასაქმებისა და სხვა მიზნებისთვის. სახელთან, გვართან და ტელეფონის ნომერთან ერთად მითითებულია სავიზიტო ბარათებზე. ეს მონაცემი ხშირად ხდება თაღლითების სამიზნე. გამოიყენება არასასურველი სარეკლამო შეტყობინებების, საეჭვო შემოთავაზებების, ე.წ. Spam-ის გამოსაგზავნად, სხვა მონაცემებთან კომბინაციაში კი პიროვნების მითვისების (Identity Theft) მიზნითაც.

ელექტრონული ფოსტის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, ყურადღებით წაიკითხოთ იმ ვებგვერდების კონფიდენციალურობის პოლიტიკა (Privacy Policy), სადაც მისი საშუალებით რეგისტრირდებით. ეცადეთ, არ გამოიყენოთ ერთი და იგივე ელექტრონული მისამართი სამსახურეობრივი მიმოწერისთვის და მაგალითად სოციალურ ქსელში ან ონლაინ-შესყიდვების საიტზე დასარეგისტრირებლად. და ბოლოს, რა თქმა უნდა, ელექტრონული ფოსტის პაროლი მხოლოდ თქვენ უნდა იცოდეთ. გააგრძელეთ კითხვა