“მშენებლობის კოდექსის“ პროექტის განხილვა, რომელიც პარლამენტს ნოემბერში წარედგინა, ამ დრომდე არ დაწყებულა

პარლამენტს ჯერ კიდევ არ დაუწყია “საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ პროექტის განხილვა, რომელიც კანონმდებლებს მთავრობამ დაახლოებით ოთხი თვის წინ წარუდგინა.

საკანონმდებლო პაკეტის განხილვის გაჩერების მიზეზად წამყვანი კომიტეტის - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ “ინტერპრესნიუსს“ ის გარემოება დაუსახელა, რომ მთავრობამ დამატებითი კონსულტაციები ითხოვა.

ამასთან, დეპუტატის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე სამუშაო ჯგუფის შექმნა იგეგმება.

“მთავრობამ და სამინისტრომ, ვინც ეს ცვლილებები მოამზადა, დამატებითი კონსულტაციები ითხოვა. ცხადია, ჩვენ ამას დავეთანხმეთ იმ მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაც პროექტს გააჩნია. პარლამენტში შემოვიდა სხვადასხვა ავტორების ალტერნატიული წინადადებაც. კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელშიც მოწვეული იქნებიან ალტერნატიული წინადადების შემომტანი ადამიანები და ასევე ის პირები, რომლებიც სამინისტროსთან ერთად პროცესში იყვნენ ჩართული. ველოდები, რომ ძალიან მალე სამინისტროდანაც შემოვა პროექტი საბოლოო ფორმით“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ რომან კაკულიამ.

მთავრობამ პარლამენტს გასული წლის ნოემბერში წარუდგინა “საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ პროექტი, რომელიც დაახლოებით 35 საკანონმდებლო ცვლილების პროექტისგან შემდგარი პაკეტია. ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა.

“საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ პროექტი ადგენს საქართველოში სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი გეგმების სისტემას, აღნიშნული გეგმების იერარქიასა და შემადგენლობას, მათი შემუშავებისა და დამტკიცების წესს.

პროექტი განსაზღვრავს მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის: მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს, შენობა-ნაგებობისა და სამშენებლო სამასალი ხარისხის მიმართ ძირითად მოთხოვნებს. აგრეთვე განისაზღვრება მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობაზე ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეული სახეები, სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესები.

პროექტის მიხედვით, საქართველოში სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემდეგი იერარქია მოქმედებს: სივრცითი მოწყობის გეგმები და ქალაქთმშენებლობითი გეგმები.

პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების და მასთან დაკავშირებული მოსაკრებელის გაუქმებას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, აღარ იარსებებს სამშენებლო კოეფიციენტების გაყიდვის შესაძლებლობა - კანონის ის მუხლი, რომელიც ასეთი შეთანხმებისათვის მოსაკრებლის გადახდას და მისი დაანგარიშების წესს ადგენს, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, უქმდება.

“სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ პროექტით, ასევე უქმდება მშენებლობის სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობა და მასთან დაკავშირებული მომსახურების მოსაკრებელი.