უკრაინამ ხუთ რუსულ სახელმწიფო ბანკს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დაამტკიცა უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი წინადადება, ხუთი რუსული სახელმწიფო ბანკის სტრუქტურებთან მიმართებაში სანქციების დაწესების თაობაზე. აღნიშნული ზომა ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს.

შეზღუდვები ეხება „სბერბანკს“, „ვტბ“, „ბმ ბანკს“, „პრომინვესტბანკს“ და VS Bank-ს. უკრაინის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, აღნიშნულ ბანკებს ეკრძალებათ უკრაინის გარეთ „მათთან დაკავშირებული პირების“ კაპიტალის გატანა.

გარდა ამისა, კიევში განაცხადეს, რომ ევროკავშირს, აშშ-სა და სხვა ქვეყნებს შესთავაზებენ, აღნიშნულ სანქციებს შეუერთდნენ.

მოსკოვში აღნიშნეს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არიან რეაგირება მოახდინონ ამ სიტუაციაზე, ხოლო სახელმწიფო დუმაში განიხილავენ ევროპული სტრუქტურებისადმი მიმართვას, შეაფასონ კიევის მიერ რუსეთის ბანკებზე წნეხის განხორციელება.