ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ბიზნესგაერთიანებებთან შეხვედრების ფორმატში, დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც  ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურიდან იუწყებიან, ბიზნესსექტორთან ამგვარი შეხვედრების მიზანია, საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება, კოდექსში არსებული ბუნდოვანი მუხლებისა და რეგულაციების დაზუსტება.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებმა დასვეს ის შეკითხვები და წინადადებები, რომელიც უკავშირდებოდა, როგორც მოგების გადასახადის რეფორმით გათვალისწინებულ ახალ რეგულაციებს, ისე კოდექსით გათვალისწინებულ სხვა ნორმებს. მხარეებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება უფრო გამარტივდეს და დაიხვეწოს საგადასახადო ადმინისტრირება გადასახადის გადამხდელებისთვის.

ამერიკის სავაჭრო პალატის მხრიდან გამოთქმულ კონკრეტულ წინადადებებზე, ისე როგორც სხვა ბიზნესგაერთიანებების შენიშვნებზე, ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას და ბიზნესიდან მიღებული მოსაზრებების გათვალისწინებით მომზადდება საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბარათაშვილი, შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ლევან წითელაშვილი.

გასულ კვირას ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ბიზნეს ასოციაციის, დამსაქმებელთა ასოციაციისა და საბანკო ასოციაციის წევრებს.