რუსი ტურისტი საქართველოში მოგზაურობის შესახებ ბლოგს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ საქარველოში მოგზაურობამ 90-იანი წლები გაახსენა და შავებში ჩაცმული ქართველების ნახვის შემდეგ 5 დღეში ისევ „ფერად მოსკოვში“ დაბრუნება მოუნდა.
„საქართველოში ყოფნის მეხუთე დღეს ისევ მოსკოვში მომინდა. შავებში ჩაცმული ქართველების შემდეგ ისევ სხვადასხვა ფერის ტანსაცმელში გამოწყობილ მოსკოველებს შორის ყოფნა მომინდა. 90-იან წლებში ვიმოგზაურე და დროა, 2017-ში დავბრუნდე.
პირველივე დღეს ძველი ქალაქი დავათვალიერე და შოკირებული დავრჩი. ასეულობით დანგრეული ხის და ქვის სახლი. სადღაც აკლია კედელი, მაგრამ რამდენიმე ფანჯარაში ანთია შუქი. რომელიღაც ბინას არ აქვს იატაკი, მაგრამ დანარჩენ ბინებში ხალხი მაინც ცხოვრობს. ზოგიერთი აივანი თავისუფლად შეიძლება თავზე დაგეცეს. ასფალტი მოშლილია ან არ არსებობს.
ერთ დილით მივდივარ მშრალ ხიდზე, სადაც ძველმანების ბაზრობაა, გვერდით მდებარე სკვერში კი მხატვრების ნამუშევრები იყიდება. ასფალტზე ქართველების მთელი ყოფილი საბჭოთა სიმდიდრე აწყვია: ფაიფურის პატარა ქანდაკებები, სერვიზები, კედლის საათები, ბროლის ლარნაკები, ჭიქები და ჭაღები, ბეჭდები, საყურეები, წიგნები რუსულ ენაზე, ძველი ტაშტები, ინსტრუმენტები, მაკრატლები, უთოები. ჩანს, რომ საბჭოთა დროს ქართველებს არ უჭირდათ, ახლა კი უწევთ ყველაფრის გაყიდვა, რაშიც კი რამე თანხის მიღება შეიძლება. ჩვენ თითქმის ახალი, საბჭოთა მოოქროვილი ჩაის ნაკრები მოგვეწონა (75 ლარი - 1800 რუბლი). საბჭოთა კავშირში ასეთ ნაკრებს ნაცნობობით თუ შეიძენდი.
თბილისში ძალიან ცოტაა ჩვენთვის ცნობილი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები. რა თქმა უნდა, გუმი ან ცუმი ქართველი მომხმარებლისთვის არაა შექმნილი. მოსახლეობას არ აქვს ფული, ამიტომ ასეთი ბრენდების გახსნა არც ღირს. როგორც ჩვენ გავიგეთ, კომერციული ცენტრი მხოლოდ ერთია - ქალაქგარეთ. არც თუ ისე დიდი 4-სართულიანი შენობა, რომლის მხოლოდ ორ სართულზეა მაღაზიები, ხოლო ზედა სართულები ცარიელია. საღამოს 6 საათზე ძალიან ცოტა ხალხია. პირველ სართულზე ქალაქში ყველაზე დიდი სუპერმარკეტია. ყველა დასახელება და ქვითრები - ინგლისურად და ქართულად არის.
მთელი იქ ყოფნის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ ერთი მცირე წიგნის მაღაზია შეგვხვდა. კითხულობენ თუ არა ქართველები წიგნებს, არ ვიცი.
ჩვენ კი მოსკოვში დაბრუნება გვიხაროდა. მისი ხმაურიანი ფართო ქუჩებით, დიდებული იმპერიული არქიტექტურით, ღია ფერის ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდებით, ჭრელი ტაძრებით და მოოქროვილი გუმბათებით, მაღაზიებისა და კაფეების მიმზიდველი ვიტრინებით. მალე გაზაფხული მოვა, გაზონებზე ყვავილებს დარგავენ, კაფეების მეპატრონეები მოსკოვის ქუჩებში დამატებით მაგიდებს დადგამენ, გოგონები მოკლე კაბებს ჩაიცვამენ... ფესტივალები, კონცერტები, გამოფენები... მოკლედ, ”აქ რუსეთის სურნელი მცემს”, - წერს რუსი ტურისტი ბლოგზე.