14 მარტიდან საქართველოში საერთაშორისო მუსიკალურმა რადიოსადგურმა NRJ დაიწყო მაუწყებლობა.
სივრცე, რომელიც რადიოსა და კაფეს აერთიანებს, სტუმრებს საშუალებას აძლევს თვალი ადევნონ პირდაპირ ეთერს და მონაწილეობა მიიღონ რადიო შოუებში. რადიო NRJ-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა განიხილება როგორც შესაძლებლობა რადიოსექტორის განვითარების და პლატფორმა როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ბრენდების პოპულარიზაციისთვის. მუსიკის მოყვარულებს რადიო NRJ-ის მოსმენა ტალღაზე FM 104.7 თბილისში, თბილისის შემოგარენსა და გუდაურში შეუძლიათ.
როგორც მარკეტერ.ჯი-სთან ინტერვიუში რადიო NRJ-ის დამფუძნებელმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა, NRJ-სთან თანამშრომლობის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გააანალიზა, რომ ქართული რადიო ბაზრის განსავითარებლად აუცილებელი იყო საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა.
”ევროპული სტანდარტის მქონე რადიო რადიკალურად შეცვლის არსებულ სიტუაციას უკეთესობისკენ. თანამედროვე საერთაშორისო ჰიტების გარდა, ერთსაათიანი გამოშვება დაეთმობათ ქართველ არტისტებს, რომლებიც აგრეთვე მოწვეული იქნებიან სტუდიაში. რადიო კაფეს უნიკალური მდებარეობა მუსიკის მოყვარულებს მუსიკის არა მხოლოდ ცოცხალი შესრულებით მოსმენის, არამედ შოუში თავად მონაწილეობის საშუალებასაც აძლევს“, - აღნიშნავს გიორგი შარაშიძე.
მიუხედავად იმისა, რომ NRJ-ის ფორმატი პირდაპირ მუსიკისა და გართობის ირგვლივ ტრიალებს, შოუს წამყვანები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრებენ სხვადასხვა შოუს ფორმატებში, თუმცა ამავდროულად შეუნარჩუნებენ რადიოს ძირითად ფორმატს მუსიკალური და გასართობის არხის სახით.
”რადიო NRJ-ს უპირატესობა არასტანდარტული სტუდიის გარდა, არის არსებული ბრენდის სიძლიერე, საერთაშორისო გამოცდილება და პირდაპირი კავშირი ევროპის წამყვან შემსრულებლებთან. რადიო NRJ არის ყველასთვის, ვისაც კარგი მუსიკა უყვარს, მისდევს თანამედროვე ტენდენციებსა და ცხოვრობს აქტიური, ენერგიული ცხოვრებით”, - დასძენს შარაშიძე.
”ჩვენ ფანტასტიურ პოტენციალს ვხედავთ ჩვენი ბრენდის საქართველოში შესვლით და ვიცით, რომ NRJ რაღაც ახალს, დინამიურსა და ძლიერს შესთავაზებს აუდიტორიას. მოხარულები ვართ ჩვენს ქართველს პარტნიორებთან ერთად ახალი თავგადასავლის დაწყებით. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორები მაქსიმალურად გამოიყენებენ ჩვენი ბრენდის უნიკალურ აქტივებს, რომ NRJ-ს წარმატების ისტორიის ახალი ფურცელი დაწერონ”, - აცხადებს რიჩარდ მაზერეტი, NRJ International-ის დირექტორი.
წყარო georgianjournal.ge