მიხეილ ჯანელიძე - ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ტექნიკური და ფინანსური დახმარება იზრდება

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ტექნიკური და ფინანსური დახმარება იზრდება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპასთან ინტეგრაციისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიების გაერთიანებული სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, გაერთიანებულ სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა, საუბარი ამ საკითხებსაც შეეხო.

მინისტრის ინფორმაციით, სხდომაზე განიხილეს ყოველწლიური სამოქმედო გეგმა ნატოსთან მიმართებაში, ასევე, საუბარი შეეხო ევროკავშირის დახმარების პროექტებს, ვიზალიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიას და ამ მხრივ საზოგადოებასთან კომუნიკაციას. სახელმწიფო კომისიების წევრებმა ასევე ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებიც განიხილეს.

„2017 წელი არის უპრეცედენტოდ აქტიური ნატოსთან ჩვენი თანამშრომლობის კუთხით. ჩვენ ველოდებით საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გამართვას, რაც დადებითი მნიშვნელობის ღონისძიებაა. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ პრაქტიკულ თანამშრომლობას და განვიხილეთ ის ღონისძიებები, რომელიც ამ კუთხით ხორციელდება საქართველოში. ახლახან გამოვიდა ნატოს გენერალური მდივნის ანგარიში, სადაც საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა მოხსენიებულია, როგორც ყველაზე ღრმა პარტნიორობის მქონე ქვეყნად და ასევე დადებითადაა შეფასებული ყველა ის რეფორმა, რომელიც ხორციელდება როგორც პოლიტიკური კუთხით, ასევე თავდაცვის სფეროს კუთხით“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის თქმით, საუბარი იყო იმ წარმატებაზეც, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით აქვს. „ჩვენ ვაწარმოებთ აქტიურ კამპანიას, როგორც სოციალური მედიით, ისე სატელევიზიო არხებით და რეგიონებში პირდაპირი კომუნიკაციით, სადაც ხდება საზოგადოების ინფორმირება იმ წესებისა და რეგულაციების შესახებ, რაც აუცილებელია დაცული იყოს უვიზო რეჟიმის გამოყენებისთვის. ასევე ვისაუბრეთ ტექნიკურ დახმარებებზე და აქ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროკავშირის ტექნიკური და ფინანსური დახმარება იზრდება. მიღებულია ახალი გადაწყვეტილება 50 მილიონის ფინანსური დახმარების გამოყოფის კუთხით, რომელიც ორიენტირებული იქნება ახალი საწარმოების განვითარებაზე, საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებაზე და ეს იქნება დამატებითი იაფი რესურსი ჩვენი კომპანიებისა და მეწარმეებისთვის“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, კომისიის წევრებმა ასევე განათლების პროგრამებზე ისაუბრეს, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, განათლება მიიღონ ევროპულ უნივერსიტეტებში და ასევე საშუალებას აძლევს მეცნიერებს, ითანამშრომლონ ევროპულ სამეცნიერო დაწესებულებებთან.