საგამოძიებო სამსახურმა თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის - თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იუწყებიან. 

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მოახდინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის, დიდი ოდენობით სიგარეტის ,,DUBAO’’-ს აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები დააკავა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.