თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მშენებარე ახალი ზოოპარკი ვიზიტორებს ზაფხულიდან მიიღებს

თბილისის ახალი ზოოპარკის შენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში ნაწილობრივ დასრულდება.

ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ზაფხულში მხოლოდ პირველი ორი ვოლიერის მშენებლობა დასრულდება.

ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. პირველი ბინადრების მონახულებას ვიზიტორები ვოლიერების დასრულებისთანავე შეძლებენ. ამასთან, ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებამდე ცხოველების დათვალიერება საცხენოსნო ტურების ფარგლებშიც იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ზაფხულიდან ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე დამთვალიერებლებს მხოლოდ კავკასიის რეგიონში გავრცელებული ცხოველების - დათვების, მგლების, ირმებისა და ნიამორების ხილვა შეეძლებათ, რადგან სწორედ მათი განთავსება იგეგმება დასრულებულ ვოლიერებში.

„ახალი ზოოპარკის კონცეფცია ძველისგან სრულიად განსხვავებულია. ტერიტორია დაყოფილია ბიოგეოგრაფიული ზონების მიხედვით - აზიის ტროპიკები, აფრიკის სავანა, სამხრეთ ამერიკის ჯუნგლები და სხვა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კავკასიური ფაუნის ექსპოზიცია. მსოფლიოს არც ერთ ზოოპარკში არაა სრულყოფილად წარმოდგენილი ჩვენი რეგიონის კოლექცია.

„ჩვენი სურვილია, შევავსოთ ეს დანაკლისი და დამთვალიერებლის ყურადღება მივაპყროთ კავკასიის ფაუნის უნიკალურ წარმომადგენლებს, რომელთაგან ბევრი გადაშენების პირასაა. ახალ ტერიტორიაზე განვაგრძობთ ინტენსიურ მუშაობას საქართველოს წითელ ნუსხაში შეყვანილი ადგილობრივი სახეობების - კეთილშობილი ირმისა და ნიამორის კონსერვაციის მიმართულებითაც“, - აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

როგორც ზოოპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ ეტაპზე ახალი ზოოპარკის ინფრასტრუქტურის, ზონირებისა და ვოლიერების დეტალური გეგმა მზადდება. შემუშავებულ კონცეფციას თბილისის ზოოპარკი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად დაფინანსებისთვის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს წარუდგენს.

ზოოპარკის დასრულებისთვის დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარია საჭირო. სწორედ ამ თანხის მოძიებაზეა დამოკიდებული ახალი ზოოპარკის მშენებლობის ვადები.