ირაკლი კოვზანაძე - ყველამ, ვინც გალარების პროგრამით ისარგებლა, პოზიტიური ნაბიჯი გადადგა თავისი საოჯახო ბიუჯეტის სასარგებლოდ

ყველამ, ვინც გალარების პროგრამით ისარგებლა, ვფიქრობ, პოზიტიური ნაბიჯი გადადგა თავისი საოჯახო ბიუჯეტის სასარგებლოდ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ გალარების პროგრამის შეფასებისას განუცხადა.

მისივე თქმით, გალარების პროგრამა მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფომ თანამემამულეებს იმ რისკის დაბალანსება შესთავაზა, რომელიც ახლავს დოლარიზაციას. როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, ქვეყანაში არის დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი.

”თუ ავიღებთ ქართულ ბანკებს, პრაქტიკულად დეპოზიტებში დოლარიზაციის კოეფიციენტი თითქმის 80%-ზე მეტია. აქედან გამომდინარე არის მაღალი რისკი. ამ თვალსაზრისით ჩვენ ჩავდეთ ბიუჯეტში 60 მილიონზე მეტი ლარი და შევთავაზეთ მოსახლეობას ეს რისკი დაბალანსებულიყო. მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა - 5 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა და 70 მილიონზე მეტი გალარდა. ეს არის კარგი მაჩვენებელი. თებერვლის მეორე ნახევარში აქტიურობა დიდი იყო და ყველამ, ვინც ისარგებლა, მე ვფიქრობ, პოზიტიური ნაბიჯი გადადგა თავისი საოჯახო ბიუჯეტის სასარგებლოდ”, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისივე თქმით, ლარიზაციის პროცესს ალტერნატივა არ გააჩნია. როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, პოსტსაბჭოთა სივრცის თითქმის ყველა ქვეყანა წავიდა დედოლარიზაციის მიმართულებით.

”ჩვენ შემთხვევაში ეს ლარიზაციაა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ ეს რისკები უნდა დავაბალანსოთ”, - განაცხადა კოვზანაძემ.