ოქროს ფასი მატულობს

იმ დროს, როდესაც დოლარზე განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებით, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ზომიერმა პოზიციამ ამერიკული ვალუტის დასუსტება გამოიწვია, ბაზარმა ყურადღება სანედლეულო საქონელსა და ოქროზე გადაიტანა.

განსაკუთრებით მკვეთრად გაიზარდა ოქროს ფასი, რომელმაც ბოლო ორი კვირის მასიმუმი განაახლა.

ოქროზე მოთხოვნის ზრდას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ინვესტორები ეგრეთ წოდებული რისკული აქტივების შეძენისგან თავს იკავებენ და თავიანთ რესურსებს ისეთ საიმედო აქტივებში აბანდებენ, როგორიც ოქროა. ინვესტორთა გაწბილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ფედრეზერვმა თავისი გეგმა - დოლარზე განაკვეთი წელს მხოლოდ სამჯერ გაზარდოს, ძალაში დატოვა. მართალია, ამან თავიდან სააქციო ბაზრის ზრდა გამოიწვია, მაგრამ შემდეგ ნავთობის ფასმაც კლება დაიწყო და ამას სააქციო ბაზარზეც უარყოფითად იმოქმედა.

"ყვითელ ლითონზე" უნციის ფასმა დღეს გაარღვია 1 230-დოლარიანი ზღვარი და მაქსიმუმი 1 237 დოლარი შეადგინა. ეს იყო ოქროს ფასის წინააღმდეგობის სუსტი დონე, რომელიც ახლა უკვე, ფასის დინამიკაში საყრდენ წერტილს წარმოადგენს. მისი გადალახვის შემთხვევაში, ფასი ალბათ 1.242-ს მიაღწევს, სადაც ერთკვირიან დროით ინტერვალში, წინააღმდეგობის პირველი დონე მდებარეობს.

ბევრი ანლტიკოსი თვლის, რომ ოქროსთვის ეს ზღვარი არაა და ზაფხულისთვის მისი ფასი 1 300 დოლარამდე გაიზრდება, შემდეგ კი ახლანდელი დონეებისკენ დაიწყებს კლებას.

ასეთი პროგნოზის საფუძველს ის გარემოება წარმოადგენს, რომ ანალიტიკოსები წამყვან ქვეყნებში „ინფლაციის სიურპრიზებს“ პროგნოზირებენ. ეს კი ნაწილობრივ ნავთობის ფასზე იქნება დამოკიდებული, რომლის კლების შემთხვევაშიც, ამერიკაში, ევროზონაში და იაპონიაში ინფლაციის დონე ისევ კლებას დაიწყებს, რასაც შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის შემდგომი შერბილება, ან ამ თემის წამოჭრა მოჰყვეს. მსოფლიო ეკონომიკაში გაურკვევლობის ზრდა კი ოქროზე მოთხოვნას გაზრდის.

იმავდროულად მოსალოდნლია, რომ წლის მეორე ნახევარში აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის წევრების ოპტიმისტური განწყობა გაიზრდება, რასაც მოჰყვება იმის მოლოდინი, რომ ფედრეზერვმა შესაძლოა დოლარზე განაკვეთი დაგეგმილ ორზე მეტად ასწიოს. ასეთი განწყობა, დოლარის კურსს გააძლიერებს და შესაბამისად, ოქროზე მოთხოვნაც დაიკლებს.

თუმცა ამ ეტაპზე, ფედრეზერვის „მტრედული“ პოზიცია დოლარს ასუსტებს და ოქროს ფასს ზრდის.