ალექსანდრე ჯეჯელავა - ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით რეგულაცია არსებობს, მაგრამ მთავარია ცნობიერების გაღრმავება

ვითარება იმაში მდგომარეობს, რომ, სამწუხაროდ, ონლაინ-სისტემაში რეგისტრაციისას არასრულწლოვნებს შეუძლიათ სხვა ასაკი მიუთითონ , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ არასრულწლოვნების მიერ ონლაინ-კაზინოების გახშირებული მოხმარების კომენტირებისას განაცხადა.

ჯეჯელავას განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით რეგულაცია უკვე არსებობს, მაგრამ მთავარია ცნობიერების გაღრმავება.

“რეგულაციები არსებობს, არასრულწლოვნების კაზინოში მონაწილეობა აკრძალულია კანონით, ანუ ეს არის კანონის დარღვევა. ასაკობრივი შეზღუდვა იგივე ფეისბუქზეც არსებობს, მაგრამ ბავშვები უთითებენ სხვა ასაკს და ახერხებენ რეგისტრაციას. რეგულაცია უკვე არსებობს, აქ მთავარია ცნობიერების გაღრმავება, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ოჯახებთან, ახალგაზრდებთან, რომ ავუხსნათ რამდენად სიღრმისეული ზიანის მოტანა შეუძლია ერთი შეხედვით უვნებელ გასართობს, ეს არის სერიოზული, მასშტაბური პრობლემა, ჩვენ ძალიან მკაცრად ვარეგულირებთ ონლაინ-კაზინოებსაც და ტრადიციულ კაზინოებსაც, თუმცა ონლაინ-კაზინოებში არასრულწლოვანთა პრობლემა მთელ მსოფლიოში არსებობს და ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ცნობიერებით ვებრძვით ამ ამბავს”, - განაცხადა ჯეჯელავამ.