აშშ-ში მიმავალ 8 ქვეყნის მოქალაქეებს თვითმფრინავში ელექტრონული მოწყობილობების ატანა აეკრძალებათ

ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ათი აეროპორტიდან აშშ-ში მიმავალ მგზავრებს თვითმფრინავში ელექტრონული მოწყობილობების ატანა აეკრძალებათ.

"როიტერის" ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაადასტურა.

აკრძალვის მიზეზად პოტენციური ტერორისტული აქტის საფრთხე სახელდება.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი იორდანიიდან, ეგვიპტიდან, თურქეთიდან, საუდის არაბეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ქუვეითიდან, მაროკოდან და ყატარიდან აშშ-ში მომავალ მგზავრებს მოთხოვს ტაბლეტების, DVD პლეიერების, ლეპტოპებისა და ფოტოაპარატების ბარგის სახით ჩაბარებას.

აკრძალვა ვრცელდება ამანის, კაიროს, ელ-ქუვეითის, დოჰას, დუბაის, სტამბოლის, აბუ-დაბის, კასაბლანკას, ერ-რიადისა და ჯიდას აეროპორტებზე.