ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ფრენებს ახალი მიმართულებებით იწყებს

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ლონდონისა და პრაღის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს.

როგორც  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურიდან იუწყებიან, თბილისი-ლონდონი (გეთვიკის აეროპორტი)-თბილისი საჰაერო ხაზზე ოპერირებას ავიაკომპანია 15 მაისიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და შაბათს გეგმავს. ავირეისები თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებაზე კი 22 მაისიდან, ასევე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და შაბათს შესრულდება.

ამასთან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან „ჯორჯიან ეარვეისი“ განაახლებს ოპერირებას კიევისა და ხარკოვის მიმართულებებით შემდეგი განრიგით:

თბილისი-კიევი (ჟულიანის აეროპორტი)-თბილისი - ავიარეისები განხორციელდება 2 აპრილიდან, ყოველდღიურად, კვირაში 7 სიხშირით;

თბილისი-ხარკოვი-თბილისი - ფრენები შესრულდება 12 აპრილიდან სეზონის ბოლომდე, კვირაში 2 სიხშირით ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ოპერირების ნებართვა ავიაკომპანიას 2017 წლის 21 მარტს მიენიჭა.