დავით მესხიშვილი - მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულების გაძვირება გარდაუვალია

8 მარტიდან დედაქალაქში მოკლე მანძილებზე მგზავრობის საფასური 10 თეთრით გაძვირდა და 50 თეთრი გახდა.

როგორც ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, 40-თეთრიანი ტარიფის ზრდა მანიშნებელია, რომ  80-თეთრიანი მგზავრობის ღირებულებაც გაიზრდება და ეს გარდაუვალია.

კერძოდ, მესხიშვილის თქმით, შესაძლოა ტარიფის ცვლილება თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მოხდეს. მისივე პროგნოზით, მოსალოდნელია ღირებულების 20-25%-იანი ზრდა.

„ყველაფერი მიანიშნებს, რომ მგზავრობის გაძვირვება არის მოსალოდნელი. ერთადერთი, რასაც ხელისუფლება ცდილობს, არის ის, რომ რამენაირად ტარიფები თვითმმართველობის არჩევნებამდე შეინარჩუნოს. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ამას მხოლოდ ნაწილობრივ ახერხებს, რადგან გაძვირების ტენდენცია უკვე შეინიშნება.

საწვავი გაძვირდა, მიკროავტობუსებიც ძველდება, შესაბამისად სარემონტო სამუშაოები უფრო ხშირად სჭირდება, საჭიროა უფრო მეტი ავტონაწილი, რომელთა ფასიც წინა წლებთან შედარებით გაზრდილია. ეს ყველაფერი კი ფინანსურად მძღოლს აწვება კისერზე. შედეგად კი ისინი მგზავრობის გაძვირებას ითხოვენ, რადგან გაზრდილი ხარჯების გათვალისწინებით, ოჯახში შესატანი თანხა მკვეთრად შეუმცირდათ“, - ამბობს მესხიშვილი.

მისივე თქმით, შესაძლოა ავტობუსების შემთხვევაში მგზავრობის საფასურის ზრდა არ მოხდეს, თუმცა, მათ შემთხვევაში აუცილებლად გაიზრდება ბიუჯეტიდან სუბსიდირება.

თბილისის მიკროავტობუსში კი მგზავრობის ღირებულების გაძვირებას გამორიცხავენ და აღნიშნავენ, რომ ეს უახლოესი 3 წლის განმავლობაში არ მოხდება.

„სახელმწიფოსთან არის მოლაპარაკება, რომ კომპანია 3 წლის განმავლობაში რეგულირების სფეროში შევიდეს. რადგან ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობაზე კიდევ უფრო მეტი ფინანსური ზეწოლა და მგზვრობის საფასურის გაზრდა არ მოხდეს. უკვე არის დადგენილება, რომ კანონი 1 აპრილიდან შევიდეს ძალაში. მისი ძალაში შესვლის დღიდან მოყოლებული 3 წლის განმავლობაში კი კომპანია მგზავრობის ტარიფებს ვერ შეცვლის. შესაბამისად, გრძელ მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფი არ იცვლება“, - აღნიშნეს კომპანიაში.

„თბილისის მიკროავტობუსი“ არის კერძო კომპანია, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით მგზავრთა გადაყვანას 2011 წლიდან უზრუნველყოფს. კომპანიის კუთვნილ ორიათასამდე მიკროავტობუსზე დასაქმებულია 3 000-მდე ძღოლი, მთლიანად „თბილისის მიკროავტობუსში“ ამჟამად 4 000-მდე ადამიანი მუშაობს.

თაია არდოტელი