ბრაზილიიდან იმპორტირებული ხორცის ყველა სასაქონლო პარტია ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარება

ბრაზილიიდან იმპორტირებული ხორცის ყველა სასაქონლო პარტია ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარება.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, 2015 წლიდან დღემდე ბრაზილიიდან შემოტანილ ხორცსა და ხორცის პროდუქტების 1 305 სასაქონლო პარტიას ჩაუტარდა კონტროლი, ლაბორატორიულად გამოკვლეულ იქნა 290 ნიმუში. მათგან მიკრობიოლოგიური შეუსაბამობა (სალმონელა) 4 სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა.

ამავე პერიოდში „სიერას“ ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია JBS-დან შემოსულია 114 სასაქონლო პარტია, აქედან ნიმუშების აღება 25 პარტიაში მოხდა, საიდანაც სალმონელა ერთ სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა. კომპანია „სადიას“ მწარმოებელი კომპანია BRF-დან შემოსულ 152 სასაქონლო პარტიიდან კი ნიმუშების აღებას 30 პარტია დაექვემდებარა. გამოკვლევის შედეგად ასევე ერთ სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა სალმონელა.

საქართველოში ბრაზილიიდან იმპორტირებული ხორცის ლაბორატორიული კვლევის მიზეზი, ბრაზილიის ხელისუფლების მიერ რამდენიმე მსხვილ ხორცის მწარმოებელ ბრაზილიურ კომპანიაში აღმოჩენილი დარღვევები გახდა.

BBC-ს ცნობით, უვარგისი, გაფუჭებული ხორცის გაყიდვის საფუძვლით 3 ქარხანა უკვე დაიხურა; 21-ში კი შემოწმება ამ დრომდე გრძელდება.

„ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე გამოძიება 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. საბოლოოდ კი ბრაზილიის 6 შტატში, 194 ადგილას ჩატარებული რეიდების შედეგად ფედერალურმა პოლიციამ დაადგინა, რომ ქარხანათა უმეტესობა სერტიფიკატებს ქრთამის მეშვეობით იღებდა.

კომპანიებს შორის, სადაც ჰიგიენის ნორმების დარღვევა გამოვლინდა, „სადიასა“ და „სიერას“ ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიები JBS-ი და BRF-იც მოხვდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ბრენდები საქართველოშიც იყიდება.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, არგუმენტირებული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სააგენტო შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

„საქართველო მიერთებულია ევროკომისიის განგაშის სწრაფი რეაგირების - RASSP-ის სისტემას და ასეთ შემთხვევებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი პროდუქციის შესახებ წევრ ქვეყნებს სპეციალური შეტყობინება ეგზავნება. თუმცა, ამ დრომდე არანაირი შეტყობინება არ მიგვიღია,“-აღნიშნეს სააგენტოში.

მათივე ცნობით, ბრაზილიიდან ხორცის იმპორტი მხოლოდ ევროკავშირის მიერ აღიარებული საწარმოებიდან ხორციელდება. ამასთან, პროდუქცია იმპორტირებისას მოწმდება საზღვარზეც და ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშების აღებაც ხდება.

„ბიზნესპრესნიუსი“ ასევე დაუკავშირდა „სიერას“ ხორცპროდუქტების დისტრიბუტორ კომპანიას. როგორც კომპანია „ჯი ენდ ეი გრუპში“ ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, „სიერას“ საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელი და დისტრიბუტორი არ ჰყავს და მისი პროდუქცია რამდენიმე კომპანიას შემოჰქონდა.

„სიერას“ პროდუქცია, კერძოდ, 26 ტონა ქათმის კუჭი, ბოლოს 2016 წლის ივლისში შემოვიტანეთ. მისი იმპორტის შეწყვეტა ხარისხთან არანაირ კავშირში არ ყოფილა. ზოგადად „სიერას“ პროდუქტებზე პრობლემა არასოდეს გვქონია. რაც შეეხება ქარხანას, სადაც იწარმოებოდა, ნორმალური იყო; გარდა ამისა, პროდუქცია შემოტანისას საზღვარზეც მოწმდებოდა,“-გვითხრეს კომპანიაში.

„სადიას“ ოფიციალურ დისტრიბუტორ კომპანიაში „ფუდსერვისი“ კი გვითხრეს, რომ საქართველოში „სადიას“ პროდუქცია შემოდის BRF-ის იმ საწარმოებიდან, რომლებიც ევროკომისიის მიერ არის აკრედიტებული.

„გამოძიების შედეგად ამ ეტაპზე დარღვევები აღმოჩნდა და დაიხურა ბრაზილიის მხოლოდ 3 საწარმო, რომელთაც კავშირი არ აქვთ ევროპისა და საქართველოს ბაზრებთან. არც ერთი საწარმო, რომელიც საქართველოს რეგიონს ემსახურება გამოძიების მიერ რაიმე სახის დარღვევაში დადანაშაულებული არ არის. ამასთან, როგორც სადიას მწარმოებელი კომპანიის BRF-ის აღმასრულებელი დირექტორის ოფიციალურ წერილშია ნათქვამი, გამოძიებას ეჭვი მიაქვს კორუფციასა და საბუთების გაყალბებაზე და არა საკვების უვნებლობაზე ან ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე სტანდარტის შეუსაბამობაზე,“-აღნიშნეს „ფუდსერვისში“

„საქსტატის“ ცნობით, 2016 წლის განმავლობაში ბრაზილიიდან საქართველოში  - 4 448 400 დოლარის ღირებულების, 2017 წლის იანვარ-თებერვალში კი 413 600 დოლარის ღირებულების ხორცის იმპორტი განხორციელდა.

ამასთან შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2016-2017 წლებში საქართველოში ბრაზილიიდან ჯამში 4 866 ტონა ქათმის ხორცი შემოვიდა.