ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება სამდღიანი სპეციალური ღონისძიებებით აღინიშნება

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება სამდღიანი სპეციალური ღონისძიებებით აღინიშნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„რამდენიმე დღეში ამოქმედდება უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან. 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩაირთვება. როგორც მოგეხსენებათ, ყველა საკანონმდებლო პროცედურა უკვე დასრულებულია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, 3 დღის განმავლობაში, 26-27-28 მარტს საგანგებოდ დაგეგმილი ღონისძიებებით აღვნიშნავთ ამ მნიშვნელოვან მოვლენას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, უვიზო რეჟიმის ამოქმედების დღეს ის გაემგზავრება ევროპული კულტურის უძველეს დედაქალაქ ათენში, სტუდენტებთან ერთად და შემდეგ კი ევროპის პოლიტიკურ ცენტრში, ბრიუსელში, რათა სპეციალური ღონისძიებით აღინიშნოს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა და პარტნიორებს მადლობა გადაუხადოს.