"გარევაჭრობას ცივილიზებული ფორმა უნდა მიეცეს"

შეიძლება ითქვას, რომ გარევაჭრობა თბილისის „აქილევსის ქუსლია“: წლები გადის, მთავრობები იცვლებიან, ამ ადამიანების პრობლემა კი ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა, თუმცა ამ მიზნის მიღწევას თბილისის მერია დღემდე ცდილობს. დედაქალაქში უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება დაიწყეს. რამდენიმე დღის წინ გარემოვაჭრეები მარჯანიშვილის მეტროსა და ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან გააძევეს. მოძრაობის შეფერხება, ანტისანიტარია, მალფუჭებადი პროდუქტის შენახვის პირობების დაუცველობა, გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ქალაქში არსებული ტურისტული ზონებისა და თბილისის იერსახის დამახინჯება... ამ მიზეზებს ასახელებენ მერიის წარმომადგენლები, როდესაც გარევაჭრობის უარყოფით მხარეებზე საუბრობენ. თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ მცირე მეწარმეებს საქმიანობის სავაჭრო ობიექტებზე გაგრძელება შესთავაზა. ლექვინაძის თქმით, „თბილისის მერიასა და ბაზრობების ასოციაციას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, მოვაჭრეებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ ადგილი სასურველ სავაჭრო ობიექტზე, გაიარონ რეგისტრაცია და საქმიანობა დაიწყონ. თანაც, მოვაჭრეები დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში, გათავისუფლდებიან საიჯარო გადასახადისგან. მერიაში აცხადებენ, რომ ანალოგიური ღონისძიებები, უახლოეს მომავალში, დედაქალაქის სხვა ადგილებშიც განხორციელდება.

„ბიზნესპრესნიუსს“ ესაუბრა საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის დირექტორი თამაზ ვაშაკიძე, რომელიც გარემოვაჭრეთა პრობლემებზე უკვე წლებია მუშაობს. ის მიიჩნევს, რომ საქართველოში გარემოვაჭრეებს უსამართლოდ ექცევიან.

„მარჯანიშვილის მეტროსთან მყოფი გარემოვაჭრეები იქიდან მოულოდნელად აყარეს - ისე, რომ არც კი გააფრთხილეს. ხომ შეიძლებოდა სამი დღე მაინც მიეცათ? თვეების განმავლობაში იქ იდგნენ, არავის არაფერი უთქვამს და ახლა აღარ შეიძლება? ჩემი აზრით, მიზეზი სულ სხვაა. მარჯანიშვილის მეტროს წინ გაზეთების კიოსკიც არ დატოვეს, იქაც სურსათი ხომ არ იყიდებოდა? გამოსავალი რაშია? - ხალხს 100 საწარმოს აშენებას რომ ჰპირდებოდნენ, ააშენონ, ეს ხალხი წავა, იმუშავებს და კაპიკებს იშოვის, რომ იარსებოს. მილიონები მოძველებული ვოკალური ანსამბლების ჩამოყვანაში კი არ უნდა გადაიხადონ, ხალხზე უნდა იზრუნონ და ქვეყანაში გარევაჭრობის მსგავსი პრობლემები აღარ იქნება“, - აცხადებს თამაზ ვაშაკიძე.

განსხვავებულად აფასებს სიტუაციას საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე.

„ძალიან ძნელია, როდესაც ტურიზმის განვითარებაზე ვსაუბრობთ და დედაქალაქის ქუჩებში თავისუფლად ვერ გაივლი. ეს ჩვენი ქალაქის სტუმრებზე უარყოფით შთაბეჭდილებას ტოვებს. ჩვეულებრივ, ღია ცის ქვეშ მოწყობილი ბაზრობები ყველა ქვეყანაშია, მაგრამ ამ ყველაფერს სტიქიური ხასიათი არა აქვს. ცენტრალურ ქუჩებზე მაინც უნდა მოვერიდოთ გარევაჭრობების გახსნას. გარევაჭრობა ყველგან არის - ნიუ-იორკშიც, ბოსტონშიც და მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქშიც, მაგრამ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე, სპეციალური დახლებით და არა ისე, რომ ვიღაცამ საბურავი მოიტანოს, სახელდახელო დახლი მოაწყოს და თავისი თავი გარემოვაჭრედ გამოაცხადოს“, - აღნიშნავს მიხეილ ჭელიძე.

მისი თქმით, გასაგებია, რომ ეს ადამიანები ქუჩაში მძიმე სოციალური ფონის გამო დგანან, მაგრამ ამას ცივილიზებული ფორმა უნდა მიეცეს.

„გარევაჭრობას ვერ მოვსპობთ, მაგრამ ხომ შეიძლება მათ კონკრეტული ადგილები გამოვუყოთ, ან ბაზრობა გავუხსნათ და შემოსავლის გარეშე არ დავტოვოთ? მე მგონი, ვერავინ შემედავება, რომ ყველი და მწვანილი ტროტუარზე, ტალახში, ანტისანიტარიულ პირობებში არ უნდა იყიდებოდეს. მართალია, ამ ადამიანებს უჭირთ, მაგრამ უნდა დავარეგისტრიროთ, აღვრიცხოთ და მათი საქმიანობა გავაკონტროლოთ. ისინი გადასახადებსაც არ იხდიან, შეიძლება ვიღაცას ფულს ყოველდღე უხდიან, მაგრამ ესეც გასარკვევია: თუ ვინმეს რაღაც კრიმინალური ინტერესები აქვს და ხელს ითბობს, ისიც უნდა გამოვავლინოთ და დასასჯელი უნდა დაისაჯოს. ყველა ვყოფილვართ უცხოეთში, გარევაჭრობა ყველგან არის, მაგრამ ცენტრალურ ქუჩებზე, გადასასვლელთან, ან იქ, სადაც მანქანები მოძრაობენ - არსად. ხომ შეიძლება გარემოვაჭრეების საქმიანობას ოდესმე კანონიერი ხასიათი მიეცეს?“ - აცხადებს მიხეილ ჭელიძე.

ხათუნა ჩიგოგიძე