მინისტრის მოადგილეები ზუგდიდში ბინების განაწილებასთან დაკავშირებით დევნილებთან შეხვედრებს მართავენ

დევნილთა და განსახლების სამინისტრო ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე ორ თორმეტსართულიან კორპუსში 144 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. ამის შესახებ დევნილთა და განსახლების სამინისტროდან იუწყებიან.

სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებიც ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ბინების მფლობელები გახდებიან.

ზუგდიდში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი სულ 5237-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო, საიდანაც 144 დევნილი ოჯახი შეირჩა. ამ ეტაპზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ზუგდიდში 7 ნგრევადი ობიექტი იხურება და იქ მცხოვრები ოჯახები ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებენ.

დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად ხვდებიან იმ დევნილებს, რომლებმაც ამ ეტაპზე ბინები ვერ მიიღეს. სამინისტროს ზუგდიდის სამმართველოში დევნილების მიღების პროცესი იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ ყველა დაინტერესებული დევნილის შეკითხვას ამომწურავი პასუხი არ გაეცემა.