დეპუტატი, რომლის ქონებაც 35 მილიონ ლარამდე არის შეფასებული

„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 37 დეკლარირებული მილიონერი ჰყავს, რომელთა უძრავ-მოძრავი ქონება 1 მილიონ ლარს აჭარბებს.

ამის შესახებ, კვლევა მონიტორინგის ცენტრმა "მედიატორმა" გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, მილიონერი დეპუტატების სიას სათავეში "ქართული ოცნების" დეპუტატი შოთა შალელაშვილი უდგას, რომლის უძრავ-მოძრავი ქონება "მედიატორის" მონაცემებით, 34.907.760 ლარით არის შეფასებული.

2016 წლის 30 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შალელაშვილი ფლობს 165 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას ისრაელში, ქალაქ აშდოდში; 155 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას რუსეთში, მოსკოვში და 259.12 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში.

მასვე ეკუთვნის 36 650 კვადრატული მეტრისა (რომლის 50%-იანი წილის მფლობელიცაა) და 8 820 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთები ისრაელში, სავიონში და 600 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი სამტრედიაში.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, დეპუტატი ფლობს 4 მსუბუქ ავტომობილს - MERCEDES S-500; NISSAN TEANA-ს; MERCEDES GL-450-ს და AUDI S8-ს. მასვე ეკუთვნის 4 ფერწერული ტილო და 3 ძვირად ღირებული მაჯის საათი. აღსანიშნავია, რომ თითოეული ამ ნივთის ღირებულება 10 ათას ლარს აღემატება.

დეკლარაციის შევსების მომენტში, შალელაშვილს BANK LEUMI ISRAEL-ს მიმდინარე ანგარიშზე 2 308.37 შეკელი, დეპოზიტზე - 259 651.02 დოლარი; „თი-ბი-სი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 9 დოლარი, საბარათეზე - 40 683 დოლარი, დეპოზიტზე - 94 700 დოლარი; „ბანკი ქართუს“ მიმდინარე ანგარიშზე - 1 მილიონი დოლარი და 67.50 ლარი, დეპოზიტზე 5 მილიონ 500 ათასი (5 500 000) დოლარი, საბარათეზე კი 22 012.27 დოლარი და 31 850.24 ლარი ჰქონდა.

ამასთან, დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფულადი თანხის სახით 18 ათასი ევრო და 45 ათასი დოლარი ჰქონდა. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გასული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პარლამენტის წევრობისას მიღებულმა შემოსავალმა კი 5 550.04 ლარი შეადგინა.

დეპუტატს ჰყავს მეუღლე ირა ფიჩხაძე და შვილი მარიკ შალონ. დეკლარაციის მიხედვით, ფიჩხაძე ფლობს - ჯამში 21 005 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთებს ქობულეთში; იმავე მისამართზე მდებარე 4 428 კვ. მეტრის, 8 739 კვ. მეტრისა და 221.90 კვადრატული მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს.

მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი - FORD EXPLORER; 3 ბეჭედი; 2 საყურე; 3 სამაჯური; 2 ყელსაბამი და 3 საათი. თითოეული ამ ნივთის ღირებულება კი 10 ათას ლარს აღემატება.

დეკლარაციის შევსების მომენტში ფიჩხაძეს ნაღდი ფულადი თანხის სახით, 25 ათასი დოლარი; შვილს მარიკ შალონს კი BANK LEUMI ISRAEL -ის დეპოზიტზე 100 ათასი დოლარი ჰქონდათ.