ეროვნული ბანკი "გლობალური ფინანსური ჩართულობის დაჯილდოების" ფინალისტია

საქართველოს ეროვნული ბანკი გლობალური ფინანსური ჩართულობის დაჯილდოებაზეა მიწვეული. "გლობალური ფინანსური ჩართულობის დაჯილდოების" ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი 2017 წლის "რეგიონული პროექტის" ნომინაციაში ფინალისტად დასახელდა.

როგორც  ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, ნომინაციაში "რეგიონული პროექტი", საქართველოს ეროვნული ბანკი გასული წლის განმავლობაში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის განვითარების და ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტების გამო წარადგინეს. აღსანიშნავია, პროექტი "სკოლა-ბანკი" და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ფინანსური განათლების საკითხების ეტაპობრივი ინტეგრაცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"გლობალური ფინანსური ჩართულობის დაჯილდოება" ფინანსური განათლებისა მიმართულებით მომუშავე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია Child and Youth Finance International - ის ინიციატივით წელს მეექვსედ იმართება, რომლის მიზანია იმ ინსტიტუტების აღიარება და წახალისება, რომლებიც ავლენენ განსაკუთრებულ პროგრესს და ინოვაციურ მიდგომებს ბავშვებისა და ახალგაზრდების ფინანსური განათლების, ფინანსური ჩართულობისა და მეწარმეობის მხარდაჭერის მიმართულებით. Child and Youth Finance International საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორი ორგანიზაციაა, რომელთანაც სებ-ი აქტიურად თანამშრომლობს "გლობალური ფულის კვირეულის", "სკოლა-ბანკის" და ფინანსური განათლების ამაღლებაზე ორიენტირებული სხვა პროექტების ფარგლებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"გლობალური ფინანსური ჩართულობის დაჯილდოების" ცერემონიალი 2017 წლის მაისში, ბერლინში გაიმართება.