ზუგდიდში, ბიზნეს-სექტორს საგადასახადო სამართლის საკითხები გააცნეს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ზუგდიდში ადგილობრივ ბიზნეს-სექტორთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან იუწყებიან, შეხვედრის მიზანი მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით ბიზნეს-სუბიექტების საგადასახადო სამართლის საკითხებზე ინფორმირება იყო, რაც გადასახადების გადამხდელთათვის საგადასახადო ადმინისტრირებას გაამარტივებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილობრივ ბიზნეს-სექტორს მოგების გადასახადის ესტონურ მოდელსა და დეკლარირებასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის 40-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

”ძირითადად შეკითხვები მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალ წესს ეხებოდა. მონაწილე ბიზნეს-სექტორის ნაწილი პალატის წევრი იყო, ნაწილს კი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდა. ასევე, პრეზენტაციის ფარგლებში საუბარი შეეხო პალატის მიერ 2017 წლის განმავლობაში დაგეგმილ პროექტებს, რომელიც რეგიონულ ბიზნეს-სექტორზეა ორიენტირებული”, - განმარტავენ სავაჭრო პალატაში.