”თიბისი ბანკში” 40 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი გალარდა

”თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილის, ნინო მასურაშვილის ინფორმაციით, ”თიბისი ბანკსა” და ბანკ “რესპუბლიკაში” ჯამში ერთობლივად 40 მილიონი დოლარის სესხი გალარდა.

ბანკის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი ბაზარზე გალარებული სესხების დაახლოებით 53%-ს შეადგენს.

მათივე ინფორმაციით, გალარების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სუბსიდიით 3073-მა მსესხებელმა ისარგებლა.

აღსანიშნავია, რომ დოლარში არსებული სესხები იმ კლიენტებმაც გაალარეს, რომლებიც ვერ მოხვდნენ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში.

”ამ პროგრამამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა დედოლარიზაციის გრძელვადიანი პროცესის დასაწყისს, რაც საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში დაიცავს ოჯახებს და მსესხებლებს სავალუტო რყევებისგან, ხოლო ბანკს შეუმცირებს რისკებს. მიუხედავად იმისა, რომ ლარში გადატანილი სესხის შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი ოდნავ იზრდება, ეს არის საფასური მომავალში სავალუტო რყევებისგან თავის დასაცავად და ჩვენ სწორედ ამას ვუხსნიდით მსესხებლებს“, - აცხადებს ნინო მასურაშვილი.

მისივე განცხადებით, ”თიბისი ბანკი” სხვადასხვა გზით ახდენდა კომუნიკაციას მსესხებლებთან, თითოეულ მათგანთან სატელეფონო კონსულტაციების გარდა, გაიმართა პირისპირ შეხვედრებიც, სადაც კლიენტებს საშუალება ჰქონდათ პროგრამის შესახებ ნებისმიერ კითხვაზე მიეღოთ პასუხი.

ნინო მასურაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ლარიზაციის გეგმის მეორე ტალღა უკვე დაწყებულია, ვინაიდან 100 000 ლარამდე სესხები მხოლოდ ლარში გაიცემა.

მასურაშვილი აცხადებს, რომ წლის ბოლოს ნათლად გამოჩნდება, როგორ შეიცვალა დედოლარიზაციის წილი ფიზიკური პირების სასესხო პორტფელებში.