2017 წლის ბიუჯეტის გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა

საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ძალისხმევით , 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ მომზადებული გზამკვლევი ორ ენაზე (ქართული და ინგლისური) ბეჭდური სახით გამოიცა.

როგორც  ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, კრებულის პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა, რომელზეც მისასალმებელი სიტყვით ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის“ (GGI) პროგრამის ხელმძღვანელი დევიდ სმიტი გამოვიდნენ. პრეზენტაციაზე აღინიშნა იმ მხარდაჭერის მნიშვნელობა, რომელიც გზამკვლევის მომზადების პროცესში ფინანსთა სამინისტროს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გაუწია. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, დონორი ორგანიზაციების, ასევე, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მოსახლეობის ინფორმირებულობას საბიუჯეტო პროცესის მიმდინარეობის შესახებ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მისი თქმით, „მოქალაქის გზამკვლევის“ მთავარი მიზანია, დაინტერესებულ საზოგადოებას, ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს ზოგადი წარმოდგენა საქართველოს საბიუჯეტო სისტემაზე, მიმდინარე წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, დაგეგმილ ღონისძიებებზე, სახელმწიფოს მიერ წლის განმავლობაში მისაღები შემოსულობების მოცულობასა და დასახული მიზნების მისაღწევად გასაწევ ხარჯებზე.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ USAID წლების განმავლობაში ეხმარება ფინანსთა სამინისტროს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის განხორციელების, საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიმართულებით.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მოკლე სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია, ისევე როგორც საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, მათ შორის, გამოკითხვა „დაგეგმე 2018 წლის ბიუჯეტი“, სადაც მოქალაქეებს თავად შეუძლიათ გადაანაწილონ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები მათთვის პრიორიტეტული პროგრამებისა და სფეროების მიხედვით, შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.mof.ge.