გარემოს დაცვის სამინისტრო სოფელ ართანაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, მიიღოს და განიხილოს ნებისმიერ დაინტერესებული პირის მოსაზრებები წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით.

”2017 წლის 17 თებერვალს, სამინისტროში შ.პ.ს ”ართანა ლოპოტას“ მიერ, წარმოდგენილ იქნა 4.22 მგვტ სიმძლვრის ართანა ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.

ამ ეტაპზე სამინისტროში მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვა. გახილვის შემდგომ მომზადდება კონკრეტული შენიშვნები და წინადადებები და გადაეგზავნება საქმიანობის განმახორციელებელს.

აღნიშნული პროექტის საჯარო განხილვა დაგეგმილია მიმდინარე წლის 6 აპრილს, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში. შეხვედრას ასევე დაესწრება სამინისტროს წარმომადგენელი.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია მიიღოს და განიხილოს დაინტერესებული საზოგადოების მიერ წარდგენილი შენიშვნები და წინადადებები.

ამასთან, სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, მიიღოს და განიხილოს ნებისმიერ დაინტერესებული პირის მოსაზრებები წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ საჯარო განხილვის ეტაპი არ არის გადაწყვეტილების მიღების საბოლოო ეტაპი, ვინაიდან პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცების ეტაპზე”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.