დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოსალოდნელი ცვლილებები “სწორ საფუძველზეა დაყრდნობილი”

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე მიიჩნევს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოსალოდნელი ცვლილებები “სწორ საფუძველზეა დაყრდნობილი”.

ამის შესახებ კონსტანტინე სულამანიძემ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

“საკმაოდ სწორი ცვლილებებია და სწორ საფუძველზეა დაყრდნობილი. საფუძველი არის შემოსავლიანობა. თუ ადამიანს გააჩნია შემოსავალი, სახელმწიფო მას სთავაზობს სხვა პაკეტს, ხოლო თუ არ გააჩნია, სხვა ტიპის პაკეტს. სადაზღვევო ბიზნესისთვის ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ფასიანი პროდუქტი და უფრო თარგეთირებული სეგმენტი ეყოლება. სწორედ ის სეგმენტი, რომელსაც შემოსავალი გააჩნია. შენიშვნები შეიძლება იყოს უფრო ტექნიკური ხასიათის, რაც მეორეხარისხოვანია და მუშაობის პროცესში დაიხვეწება”, - განაცხადა კონსტანტინე სულამანიძემ.

ჯანდაცვის სამინისტროში, უწყების ხელმძღვანელმა დავით სერგეენკომ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისა და ათამდე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოსალოდნელი ცვლილებები გააცნო.