საქართველოში ალიმენტს მხოლოდ 4 016 ადამიანი იხდის

2017 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს 7 769 მოქალაქე ვალდებულია ალიმენტი გადაიხადოს.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვრის თვის მდგომარეობით 7 769 ადამიანიდან დაკისრებულ ვალდებულებას 4 016 ასრულებს.

”ალიმენტის კატეგორიის საქმის აღსრულების სპეციფიკიდან გამომდინარე, დარეგულირებული (სადაც ხდება ალიმენტის გადახდა) სააღსრულებო წარმოებათა რაოდენობა მუდმივად განიცდის ცვლილებას. მონაცემების დამუშავების დროს სააღსრულებო წარმოების მხარეთა გენდერული ნიშნით გამიჯვნა არ ხდება”, - აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

ალიმენტი ლათინური სიტყვაა და ქართულად საზრდოს, საკვებს ნიშნავს. იურიდიულად ესაა ხარჯი, რომელსაც ოჯახს მოშორებული პირი კანონის ძალით სარჩენად უხდის თავისი ოჯახის შრომისუუნარო ან არასრულწლოვან წევრებს (შვილებს, მშობლებს, მეუღლეს).

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ალიმენტი დაუყოვნებლივ აღსასრულებელ გადაწყვეტილებათა კატეგორიას განეკუთვნება და თუ მოვალე დაუყოვნელივ არ შეასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, აღმასრულებელი მიმართავს ისეთ იძულებით სააღსრულებო მოქმედებებს, როგორიცაა მოვალის „მოვალეთა რეესტრში" რეგისტრაცია, რომელიც იწვევს კანონით დადგენილ უფლებრივ შეზღუდვებს; მოვალის ქონების მოძიება, აღწერა, დაყადაღება, შეფასება და შეფასებიდან ერთი თვის ვადაში პირველი იძულებითი აუქციონის ჩატარება. მოვალისგან ამოღებული თანხები ირიცხება სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, საიდანაც დაიფარება აღსრულების საფასური და ალიმენტის თანხა გადაერიცხება კრედიტორს მის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობით, მოვალის მიერ ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს.

2015 წლის საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 9 112 განქორწინება დაფიქსირდა. განქორწინების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი თბილისშია და 3 601 ერთეულს შეადგენს. საქსტატის ცნობით, განქორწინების ყველაზე დიდი წილი (2 973) 0-4 წლამდე ქორწინებაზე მოდის.