“ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმის დოკუმენტების სრულ სამართლებრივ შეფასებას გააკეთებს

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმის დოკუმენტის სრულ სამართლებრივ შეფასებას გააკეთებს. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავების პროცესი საზოგადოების აქტიური ჯგუფების დისკუსიის გარეშე მიმდინარეობს. თბილისის საკრებულომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დასრულებული დოკუმენტი 2017 წლის აპრილში უნდა განიხილოს.

„ბიზნესპრესნიუსი“ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„შეფასების საგანს წარმოადგენს მომზადებული დოკუმენტების სამართლებრივი დასაბუთების საკითხი. ამასთან, გამოცხადებული კონკურსის პირობები, გამარჯვებული კომპანიის გამოცდილება და კონკურსის ჩატარების გამჭვირვალობის შესწავლის საკითხი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმის შემუშავების პროცესი მიმდინარეობს საზოგადოების აქტიური ჯგუფების დისკუსიის გარეშე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმის რედაქტირების პროცესში წარმოდგენილი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტების სრულ სამართლებრივ შეფასებას მოახდენენ.

ამასთან, ორგანიზაცია უზრუნველყოფს დოკუმენტის პრინციპების ხელმისაწვდომობას საზოგადოებისთვის.

ამ მიმართულებით, საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამოკვლევის მიზნით, ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, უკვე მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, სადაც ინტერესის საგანს წარმოადგენს მერიის მიერ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისთვის გამოცხადებული კონკურსის პირობები, ვადები, კონკურსში მონაწილე კომპანიების სია, კონკურსის სხვადასხვა ეტაპზე დაწინაურებული კომპანიების დასახელებები, გამარჯვებულ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რეკომენდაციები, მათი შესრულების ფარგლები და სხვა.

ორგანიზაცია მომზადებული მონიტორინგის პრეზენტაციასაც გამართავს.

2015 წლის სექტემბერში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საზოგადოების წინაშე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება-განახლებაზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული კომპანიები გამოაცხადა. თბილისის ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების ახალ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ორიენტირებული გენგეგმის შემუშავება-განახლება კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციას „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დაევალა. აღნიშნულმა ორგანიზაციამ 2015–2016 წლებში, საკითხზე რამდენიმე შუალედური ანგარიში წარმოადგინა, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მომზადებას კი, „თანხმობის დოკუმენტი“ უწოდა.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დასრულებული დოკუმენტი 2017 წლის აპრილში უნდა განიხილოს. საკითხზე მიმდინარე კვირას საზოგადოებრივი მონიტორინგის პროცესში აქტიური მონაწილეობის დაწყებისკენ განცხადება გააკეთა ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“, რომელიც დოკუმენტს ეკონომიკური ანალიზის კუთხით შეისწავლის“, - ნათქვამია განცხადებაში.