ბავშვთა ტუბერკულოზის სამკურნალო განყოფილების ახალი შენობა გაიხსნა

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის შემადგენლობაში, ბავშვთა ტუბერკულოზის სამკურნალო განყოფილების ახალი შენობა გაიხსნა.

საზეიმო გახსნის ცერემონიას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო. ახალი განყოფილება 21 საწოლზეა გათვლილი.

ღონისძიება ტუბერკულოზის მსოფლიო დღეს მიეძღვნა. აღნიშნული დღის აღსანიშნავად, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრში მწვანე აქცია გაიმართა, ბენეფიციარებმა ცენტრის ეზოში ხეები დარგეს.

”მართლაც სასიხარულო დღეა, რადგან შესაძლებლობა მოგვეცა ბავშვებისთვის, პაციენტებისთვის რაც კი შესაძლებელია კომფორტული პირობები შეგვექმნა, რადგან კორპუსი, სადაც ბავშვები მკურნალობას გადიოდნენ, კრიტიკას ვერ უძლებდა, იმდენად რთული პირობები იყო”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამასთან, მინისტრი ახალი სამედიცინო დაწესებულების აშენებასთან დაკავშირებით, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ნაწილის უკმაყოფილებასაც გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შენობა გარშემომყოფი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

”ამ კორპუსებში ინფექციებზე კონტროლის ყველანაირი სტანდარტია დაცული. მოსახლეობისთვის ცალსახად უსაფრთხოა და დიდ მანძილზე არ ხდება ასეთი ბაქტერიების გადაცემა. ახალ გახსნილ კორპუსში არის სავენტილაციო სისტემა, რომელიც ჰაერს სპეციალურად ამუშავებს”, - განმარტა დავით სერგეენკომ.

სამინისტროს ინფორმაციით, მათი მხარდაჭერით უკვე დასრულდა ტუბერკულოზის ეროვნული რეფერენს ლაბორატორიის მშენებლობა. ამჟამად მისი ტექნიკური აღჭურვა მიმდინარეობს. ლაბორატორია ბიოუსაფრთხოების მესამე დონეს მიეკუთვნება.

ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის თანახმად, საქართველოში, 2016 წელს ტუბერკულოზის ყველა ფორმის 3 311 შემთხვევა დარეგისტრირდა, რაც საქართველოს 100 000 მოსახლეზე 90 შემთხვევას შეადგენს.

”ბოლო 4 წლის განმავლობაში ტუბერკულოზის შემთხვევების აბსოლუტური რიცხვის მნიშვნელოვანი შემცირების ტენდენცია აღინიშნება; 2012 - 2016 წლებში ტუბერკულოზის შეტყობინების მთლიანი მაჩვენებელი 30%-ით შემცირდა. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ტუბერკულოზისა და მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოსტირებისა და მართვის უნივერსალური ხელმისაწვდომობა აქვს”, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.