გიორგი გახარია - 2016 წელს 6 მილიონ ტურისტს ვუმასპინძლეთ და 2017-ში უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს

2016 წელს 6 მილიონ ტურისტს ვუმასპინძლეთ და 2017-ში უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს, -ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ინტენსიური შეხვედრები იმართება. "ჩვენ ვიცით, რომ 2016 წელს 6 მილიონზე მეტ ტურისტს ვუმასპინძლეთ და, შესაბამისად, 2017 წლისთვის ამბიციური გეგმები გვაქვს. ვცდილობ დავიწყოთ მოსამზადებელი ეტაპი და ამიტომ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გვაქვს, რათა ის ხარვეზები აღმოვფხვრათ. დრო ჯერ კიდევ გვაქვს, ვნახოთ მათი გეგმები და გავეცნოთ მათ წინადადებებს", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და რეგიონის მინისტრები იმყოფებიან.