"არ უნდა დავუშვათ, რომ საეჭვო პირებმა მიიღონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა"

ევროკავშირის ქვეყნებში ქართული პასპორტებით უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა არაერთ უცხოელს უჩენს საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილს. რომელი ქვეყნებიდან ითხოვენ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, ამ საკითხით დაინტერესდა "კვირის პალიტრა" და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ოფიციალურად გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რომელიც 2015 წლის 1-ლი მარტიდან 2017 წლის 1-ლ მარტამდე პერიოდს მოიცავს. სტატისტიკური მაჩვენებლები საინტერესო აღმოჩნდა, რაზე დაყრდნობითაც "ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის" დირექტორმა, ბადრი ნაჭყებიამ ყურადღება მნიშვნელოვან ტენდენციებზე გაამახვილა:

- მონაცემები მნიშვნელოვან ტენდენციებს გვაჩვენებს. მზარდია იმ ემიგრანტთა რაოდენობა, ვისაც საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურთ. საქართველო უვიზო­ მიმოსვლის შესაძლებლობით ახალ ფუნქციას იძენს და არ უნდა დავუშვათ, რომ არაკეთილმოსურნეებმა ამით ისარგებ­ლონ. სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით უნდა დადგინდეს, რატომ უნდა ამა თუ იმ პირს საქართველოს მოქალაქეობის მიღება, თავად საიდან არის, რომელ რელიგიურ ჯგუფს ეკუთვნის და ა.შ.

მსოფლიოში ტერორისტული აქტების ალბათობა გაიზარდა. შეიძლება ტერაქტის მომწყობთ არა აქვთ ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირი, მაგრამ ეცნობიან ტერორისტულ ლიტერატურას, იდეოლოგიას, უყურებენ სპეციალურ გადაცემებს. მოკლედ, ისინი თვითგანათლებას იღებენ და ისე აწყობენ ტერაქტებს. სწორედ ასეთი ტერაქტებია ძნელად გამოსაძიებელი.

ლონდონის ტერაქტსაც ისეთი ხელწერა აქვს, რომ ინდივიდის მიერ ჩადენილ დანაშაულს ჰგავს და რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან მის კავშირს გამოვრიცხავ. ცხადია, არაფერს ნიშნავს ის, რომ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ასე რომ, არ უნდა დავუშვათ, საეჭვო პირებმა მიიღონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა, რომელთაც ევროკავშირის ქვეყანაში გადასვლის შესაძლებლობა მიეცემა.

- ერაყის, სირიის, ავღანეთის, ლიბიის მონაცემებზე რას გვეტყვით?

- ერაყიდან 50, სირიიდან 28, ლიბიიდან 14, ხოლო ავღანეთიდან 1 პირი საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ითხოვს. ამ ქვეყნებიდან არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველთა რაოდენობის ზრდას, არამედ არალეგალურ ლტოლვილთა ნაკადებსაც უნდა ველოდოთ. მით უფრო, რომ მეზობელ სახელმწიფოებთან კარგად კონტროლირებული საზღვრები არა გვაქვს.

განსაკუთრებით საინტერესოა თურქეთის მოქალაქეებთან დაკავშირებული სტატისტიკა. 2015 წლის 1-ლი მარტიდან­ 2017 წლის 1-ლ მარტამდე 724-მა თურქმა მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობა.

თურქეთი გახდა ის ქვეყანა, სადაც თავს იყრის სხვადასხვა სახის ტერორისტული ორგანიზაცია. ერთხანს თურქეთს "ისლამურ სახელმწიფოსთან" პრობლემები არ ჰქონდა, თუმცა დაახლოებით ერთი წელია, რაც მასთან ურთიერთობა დაეძაბა. თურქეთს დღეს ძალიან უჭირს, მას ლტოლვილების სახით დიდი ტვირთი­ აწევს.

გარდა ამისა, თურქეთს აქვს სერიოზული შიდა პრობლემები და არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ დღეს თუ ხვალ იქიდან ლტოლვილთა დიდი ნაკადი წამოვიდეს. ამას ხელს შეუწყობს ისიც, თუკი კიდევ უფრო დაიძაბება ურთიერთობა ქურთებსა და ქურთულ ორგანიზაციებთან, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე სერიოზულ ნიშას იკავებენ. თურქეთში სამ მილიონზე მეტი ლტოლვილია სირიიდან და ერაყიდან. ეს ოფიციალური მონაცემებით, სხვა წყაროებით კი მათი რაოდენობა 5 მილიონსაც კი აღწევს. არ არის გამორიცხული, ბევრმა მათგანმა თურქეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობაც მოითხოვოს, დაიწყოს პასპორტებით მანიპულირება და ა.შ.

შესაძლოა, ზოგიერთი ეძებდეს საშუალებას, როგორმე ევროპაში გადავიდეს, ან საქართველოში დარჩეს. ჩვენთვის არც პირველი ვარიანტია სასურველი და არც მეორე. ამიტომ ამ პირებზე თურქეთის სახელმწიფოსა და სპეცსამსახურთან მაქსიმალური თანამშრომლობით უნდა მოვიპოვოთ სრული ინფორმაცია.

- რუსეთიდან 6.280 მოქალაქე ით­ხოვს საქართველოს მოქალაქეობას.

- სამწუხაროდ, არ ვიცით, რუსეთის­ ფედერაციის მოქალაქეთა შორის რამდენი ჩრდილოკავკასიელია. არ არის გამორიცხული, რომ ეს სეგმენტი ჩვენთვის პრობლემად იქცეს. 

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 27 მარტის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად