თამარ ხულორდავა - ჩვენს თანამოქალაქეებს მოვუწოდებთ, დავიცვათ ის რეგულაციები, რასაც ევროკავშირი აწესებს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობას მოვეკიდოთ უდიდესი პასუხისმგებლობით , - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს ის პასუხისმგებლობა, რაც თითოეულ ჩვენგანს ეკისრება.

”მე მიხარია, რომ ვხედავ ძალიან აქტიურ კამპანიას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ იყოს ზედმიწევნით კარგად ცნობილი, თუ რას გულისხმობს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროპაში, შენგენის ზონაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს ის პასუხისმგებლობა, რაც თითოეულ ჩვენგანს ეკისრება. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რა დიდი დრო დასჭირდა ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევას. ეს შესაძლებლობა დღეს უკვე რეალობაა და ის, თუ როგორ ვისარგებლებთ ამით, ეს უკვე ჩვენი ღირსების საკითხია.

ყველა ჩვენს თანამოქალაქეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ვიყოთ ზედმიწევნით მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით ამის მიმართ და დავიცვათ ის რეგულაციები, რასაც აწესებს ევროკავშირი”, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.