ბოდეს მუზეუმიდან მილიონი აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების 100 კგ წონის ოქროს მონეტა მოიპარეს

ბერლინში, ბოდეს მუზეუმიდან მილიონი აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების მქონე ოქროს მონეტა მოიპარეს. აღნიშნულის შესახებ „ტვიტერის“ პირად გვერდზე ბერლინის პოლიციამ დაწერა.

მოპარული მონეტა, სახელწოდებით „დიდი ნეკერჩხლის ფოთოლი“ 100 კილოგრამს იწონის და სუფთა ოქროსგანაა დამზადებული. მისი დამზადებისთვის გამოყენებული მასალებისა და სამუშაოების ღირებულება 3,7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

პოლიციის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მონეტა ღამის 03:30-ზე მოიპარეს. პოლიცია მიიჩნევს, რომ მუზეუმი რამდენიმე ადამიანმა გაძარცვა. ისინი შენობაში ფანჯრიდან შევიდნენ.

პოლიციას ჯერ არ დაუდგენია, თუ როგორ შეძლეს ქურდებმა სიგნალიზაციის გათიშვა და მძიმე წონის ექსპონატის გატანა.