„რეზონანსი" - წყლის გაძვირების საფრთხე

საქართველოში მუდმივად მიმდინარეობს საუბარი კომუნალური გადასახადების გაძვირებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა ელექტროენერგიის გაძვირებას გადაურჩა და პროცესი დროებით გადაიდო, დღის წესრიგში ბუნებრივი აირის გაძვირება დგას. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, აქტიურია წყლის სატარიფო პოლიტიკაც. არსებობს საფრთხე, რომ წყლის ქვეყანაში წყალი გაძვირდეს.

როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, ნებისმიერი კერძო კომპანია ყოველთვის ითხოვს ტარიფის გაზრდას, თუმცა კომისიამ დაადგინა ტარიფი, რომელიც გონივრულად მიიჩნია. სემეკში ამ ეტაპზე ამობენ, რომ წყლის გაძვირება კონკრეტულად ახლა დღის წესრიგში არ დგას.

კერძო კომპანიებს არაერთხელ მიუმართავთ სემეკისთვის ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი შემთხვევა გასული წლის ბოლოს იყო, თუმცა როგორც კომისიის წევრი გრიგოლ მანდარია "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, კერძო კომპანიების მხრიდან გადასახადის გაზრდის მოთხოვნის მიუხედავად, სემეკმა ტარიფი არ გაზარდა. მარეგულირებელ კომისიაში ადასტურებენ, რომ სატარიფო ცვლილებისთვის კერძო კომპანიები პერიოდულად მიმართავენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ამჟამინდელი ტარიფი არ არის ხარჯზე ორიენტირებული.

"ბიზნეს-რეზონანსის" ინფორმაციით, გარკვეული დროის შემდეგ წყლის გამანაწილებელი კომპანიები კვლავ აპირებენ, სემეკს ტარიფის გადახევდის მოთხოვნით მიმართონ, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

უახლოეს მომავალში სატარიფო ცვლილებას არ ადასტურებენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში. "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე აღნიშნავს, რომ მათი კომპანია წლის ბოლომდე შეასრულებს სამუშაოებს, რაც გულისხმობს აქტივების აღრიცხვა-შეფასებას, შემდეგ კი შეიტანს სემეკში სატარიფო განაცხადს, ხოლო მისი დადგენა მთლიანად სემეკის ვალდებულებაა. მისი განცხადებიდან ჩანს, რომ კომპანია ტარიფის გაზრდაზე უარს არ იტყვის, თუკი მარეგულირებელმა ნება დართო.

"უახლოეს მომავალში ჩვენი კომპანიის მხრიდან არ იგეგმება სატარიფო ცვლილება, თუმცა მიმდინარე წლის ბოლომდე განვახორციელებთ სამუშაოებს, რაც გულისხმობს აქტივების აღრიცხვა-შეფასებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია სატარიფო მეთოდოლოგიის გაანგარიშების დროს.

აქედან გამომდინარე, როდესაც გვექნება შესაბამისი დოკუმენტები მზად, ჩვენ მივმართავთ სემეკს სატარიფო განაცხადით. ტარიფი გაიზრდება თუ უცვლელი დარჩება, ეს მთლიანად მარეგულირებლის კომპეტენციაა.

რაც შეეხება ლარის დევალვაციას, კომპანიაზე იმოქმედა იმდენად, რამდენადაც კონტრაქტორ კომპანიებს შეექმნათ პრობლემა იმ ნაწილში, რასაც საქონლის იმპორტი ითვალისწინებს. ვერ ვიტყვით, რომ ასეთი შემთხვევა ბევრი გვქონდა და ბევრ კომპანიას მოუხდა პრობლემის გადაჭრა. არის გარკვეული შემთხვევები, რომელსაც ჩვენ კომპანიებთან ერთად ინდივიდუალურად განვიხილავთ", - აცხადებს გიორგი კობერიძე.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" ადასტურებენ, რომ 2016 წლის დეკემბერში კომპანიას სემეკთან ჰქონდა მოთხოვნა ტარიფის შეცვლასთან დაკაშვირებით, მაგრამ სატარიფო ცვლილება განხორციელდა მხოლოდ კომერციულ ნაწილში. სამომხმარებლო ფასები კი იგივე დარჩა და წლის ბოლომდე უცვლელი იქნება. 2017 წლის დეკემბრიდან კი, შესაძლოა, ტარიფების გადახედვა კიდევ ერთხელ დადგეს დღის წესრიგში. ეს ამძაფრებს ეჭვს იმის თაობაზე, რომ კომპანიები მუდმივად ითხოვენ გადასახადის ზრდას, რასაც სემეკი არ უდასტურებს.

მომხმარებლების უმეტესობას წყლის ტარიფის გაზრდაზე მეტად მოუწესრიგებელი სისტემა აწუხებს. "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას თბილისის მცხოვრებმა მალხაზ გუნცაძემ აღნიშნა, რომ ვარკეთილში აღდგენითი სამუშაოების გამო ხშირია შემთხვევა, როდესაც რამდენიმე საათის, ზოგჯერ კი რამდენიმედღიანი ინტერვალით უწყლოდ რჩებიან.

"ქვეყანაში წყლის მიწოდების სერვისი მოუწესრიგებელია. არის დღეები, როდესაც წყალი რამდენიმე საათით ან სულაც რამდენიმე დღით გვეთიშება. ეს მომხმარებელთა უფლებების დარღვევაა. სასმელი წყლის გარეშე როგორ შეიძლება ადამიანი გაჩერდეს, ჰიგიენაზე არაფერს ვამბობ. ჩემს უბანში იმდენად ხშირად წყდება წყალი, ზაფხულს შიშით ველოდები, როდესაც გადასახადებს ვიხდით და ამ პუნქტს არ ვარღვევთ, გვინდა, ისეთი მომსახურება მივიღოთ, როგორიც 21-ე საუკუნეში უნდა ჰქონდეს ადამიანს", - განაცხადა მალხაზ გუნცაძემ.

მომხმარებელთა ნაწილი კი წყლის მიწოდების პრობლემაზე მეტად ტარიფის მომატებას განიცდის. თამარ მესხია ერთ-ერთი მათგანია, ვინც "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას შესაძლო სატარიფო ცვლილებას აპროტესტებს.

"კიდევ ერთი გაძვირების ტალღას მოსახლეობა ვერ გადავიტანთ. ჯერ ისედაც შიშში ვართ, როდის გაძვირდება დენი და ბუნებრივი აირი, რაც უკვე დაანონსებულია. წყლის სატარიფო ცვლილება კი ნამდვილად გადაჭარბებული თავგასულობა იქნება ყველა იმ ორგანოს მხრიდან, ვისაც ფასების კონტროლი ევალება. იმ ქვეყანაში, სადაც წყალი არ გვიჭირს, არ უნდა ვიხდიდეთ დიდ გადასახადს", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას მესხიამ.

ვარკეთილის მცხოვრებნი წყლის ტარიფსა და მიმდინარე პრობლემებზე საუბრობენ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს დასახლება ერთ-ერთი ყველაზე რთული უბანია, მომხმარებლები ცდილობენ, პრობლემებს სხვა კუთხით შეხედონ.

"მეტ-ნაკლებად ვერკვევი ამ სფეროში, ადრე მიმუშავია და მინდა გითხრათ, რომ წყალთან დაკავშირებული პრობლემები მნიშვენლოვანწილად განპირობებულია წარსულში მასზე არსებული მცირე სამომხმარებლო ფასით. მომხმარებელი ვერ აცნობიერებდა წყლის დაზოგვის აუცილებლობას. წყლის სიძვირე აიძულებს ინდივიდებსა და ორგანიზაციებს საჯარო თუ კერძო სტრუქტურებში, მეტად იზრუნოს მის დაზოგვაზე, ინვესტირება მოახდინონ წყლის მენეჯმენტის სისტემის გამართვაში. ამით წახალისდება წყლის მეორეული გამოყენება, შემცირდება მისი დანაკარგი", - ამბობს ვარკეთილის მკვიდრი თემურ ქარდავა.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"