რა ქონებას ფლობს თბილისის საკრებულოს მილიონერი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი?

თბილისის საკრებულოს 13 მილიონერი დეპუტატი ჰყავს. ინფორმაციას ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“ და მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“ ავრცელებენ.

კვლევის თანახმად, საკრებულოს მილიონერ დეპუტატებს შორის პირველ ადგილს 3 383 898 ლარით "ქართული ოცნების" წევრი თამარ ტალიაშვილი იკავებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს ტალიაშვილი. მიმდინარე წლის 28 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, თამარ ტალიაშვილი ფლობს თბილისში 94.50 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას; 247 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს დაბა ახალდაბაში და იმავე მისამართზე მდებარე 935 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს.

2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ტალიაშვილის შემოსავალმა 48 953.89 ლარი შეადგინა. ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორობისას კი წინა წლის 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მისი შემოსავალი 810 ლარი იყო.

დეკლარაციის შევსების მომენტში საკრებულოს დეპუტატს Альфа-Банк-ის (მოსკოვი) ანაბარზე ჯამში 62 757.93 დოლარი, მიმდინარეზე კი - 9 626.96 დოლარი ჰქონდა; მასვე „როსბანკის“ (მოსკოვი) ანაბარზე - 29 851.86 დოლარი; ,,თი–ბი–სი ბანკის“ ანაბარზე -35 415 ევრო, სახელფასოზე კი - 9 808 ლარი ერიცხებოდა; „ბაზის ბანკის“ ანაბარზე კი 5 885.91 დოლარი ჰქონდა.

ამასთან, ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2016 წლის განმავლობაში ქველმოქმედების სახით ტალიაშვილის გასავალმა 17 853.33 ლარი შეადგინა.

თამარ ტალიაშვილს ჰყავს მეუღლე დავით კუხალაშვილი და შვილები დავით და ნიკოლოზ კუხალაშვილები. დეკლარაციის მიხედვით მეუღლე დავით კუხალაშვილი ფლობს 90.80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას მოსკოვში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი მერსედესი GL 450.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში თბილისის საკრებულოს დეპუტატის მეუღლეს დავით კუხალაშვილს ,,საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 929,56 დოლარი, ანაბარზე - 80 631 დოლარი, პრემიუმზე - 134 242 დოლარი ერიცხებოდა; Альфа-Банк-ის ანაბარზე - 41 621.75 დოლარი, მიმდინარე ანგარიშზე - 270 ათასი რუბლი; „როსბანკის“ ანაბარზე კი - 153 456.02 დოლარი ჰქონდა.

მასვე "საქართველოს ბანკის" საბარათე ანგარიშზე 9 985 დოლარი; Альфа-Банк-ის ანაბარზე - ჯამში 85 248.48 დოლარი; "ბაზის ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე - 1.98 დოლარი, ანაბარზე კი - 0.71 დოლარი ერიცხებოდა. ამასთან, დეკლარაციის შევსების მომენტში კუხალაშვილს ნაღდი ფულადი თანხის სახით 1 500 დოლარი ჰქონდა.

2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კუხალაშვილის გასავალი, ბავშვის სწავლის გადასახადი - 3 000 ევრო იყო.

თბილისის საკრებულოს დეპუტატის თამარ ტალიაშვილის შვილი დავით კუხალაშვილი კი ფლობს 127.24 კვადრატული მეტრისა და 178 კვ. მეტრი ფართობის ბინებს და 20 კვადრატული მეტრი ფართობის ავტოფარეხს თბილისში.

„სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“ და მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“ დედაქალაქის საკრებულოს 50 დეპუტატის ქონებრივ დეკლარაციებს 2 თვის განმავლობაში სწავლობდნენ. კვლევის თანახმად, საკრებულოს 50 წევრიდან ქონებრივი დეკლარაცია 21 დეპუტატს არ აქვს შევსებული.