პოლიეთილენის პარკების გამოყენება შესაძლოა აიკრძალოს

პოლიეთილენის პარკები და პლასტმასის ბოთლები ყველაზე დიდი პრობლემაა გარემოსთვის, ამიტომ კარგი იქნება თუკი კალათების, ქაღალდის პარკების გამოყენებაზე გადავალთ. 

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ზაზა ხუციშვილმა განუცხადა.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ამ მიმართულებით კანონპროექტის შემუშავებაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მუშაობს, თუმცა დეპუტატი მის დეტალებს ჯერჯერობით არ იცნობს.

„როგორც პოლიეთილენის პარკები, ასევე პლასტმასის ბოთლები არის ყველაზე დიდი პრობლემა გარემოსთვის, რადგან პრაქტიკულად, ისინი უხრწნადია, ბიოდეგრადირებაზე საუბარიც კი ამ შემთხვევაში ზედმეტია, ამიტომ კარგი იქნება თუკი არა მხოლოდ ერთჯერადი, არამედ მრავალჯერადი კალათების, ქაღალდის პარკების გამოყენებაზე გადავალთ. ვნახოთ, როგორი ფორმით იქნება წარმოდგენილი კანონპროექტი, იქნება თუ არა გარდამავალი პერიოდი. ჯერჯერობით შემოსული არ არის. ამ მიმართულებით ჩვენ თუ არ ვუშველეთ, იცით, რომ კატასტროფის წინაშე დავდგებით. ჩვენს მეზობელ ქვეყნებს აქვთ გამოცდილება პლასტმასის ბოთლების ჩაბარების. მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენც თუ ამას დავნერგავთ“, - განაცხადა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის მოთხოვნების უდიდესი უმრავლესობა გარემოსდაცვით საკითხებს ეხება და შესაბამისად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ბევრ კანონპროექტზე მუშაობს, რათა ყველაფერი შესაბამისობაში მოიყვანოს.

„ესეც რომ არ იყოს, საქართველოს ყველა მოქალაქე ხვდება იმას, რომ საკუთარ გარემოს თუ არ გავუფრთხილდით, შესაძლოა, მომავალში ამ ქვეყანაში ცხოვრება გაუსაძლისი გახდეს და ამის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი არის პლასტმასის ბოთლები და პოლიეთილენის პარკები“, - განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ბიზნესმენებიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და საკუთარი თვალით ხედავენ, რა ხდება. ზაზა ხუციშვილის განცხადებით, ეს არ იქნება სერიოზული დარტყმა მათთვის.

„დარწმუნებული ვარ, ყველა დიდი გაგებით შეხვდება და სწორი შეფასება მოხდება. ყველას აწუხებს ეს, განსაკუთრებით, როცა ქარი ამოვარდება და მთელი ქალაქის ხეები ნაძვის ხესავით შეფუთულია პოლიეთილენის პარკებით. ამას ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვუშველოთ“, - განაცხადა ხუციშვილმა.

Plastic bags to be banned in Georgia from September