საწვავი რამდენიმე თეთრით გაიაფდა

რამდენიმე დღეა ყველა ტიპის საწვავზე ფასების კლების ტენდენცია 5 ერთეულით შეინიშნება. მაგალითად, თუ ევრო რეგულარის ტიპის საწვავის ღირებულება "ლუკოილის" ქსელში რამდენიმე დღის წინ 2,09 ლარი იყო, ახლა 2,04 ლარია, დაახლოებით მსგავსი ვითარებაა სხვა ნავთობიმპორტიორ კომპანიებში.

"ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის" პრეზიდენტის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, საწვავზე ღირებულების შემცირება თავდაპირველად, არაბრენდირებულ ქსელებში დაიწყო და 5-10 ერთეულით აისახა, ბრენდირებულმა ქსელებმა კი ტარიფები ოდნავ მოგვიანებით შეამცირა:

"საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასები მცირდება და ამის პარალელურად ტარიფები ადგილობრივ ბაზარზეც იკლებს, გარდა ამისა, ლარი გამყარდა და ამ ორი კომპონენტის ერთობლიობა საქართველოში საწვავის ფასებზე ადეკვატურად აისახა," - განმარტავს ის.

შენარჩუნდება თუ არა ფასების კლების ტენდენცია, ამის პროგნოზირება, ვანო მთვრალაშვილის თქმით, რთულია, რადგან, როგორც ნავთობის ღირებულება, ისე ლარის კურსი მერყევია:

"არ ვიცით, ლარი გამყარების ტენდენციას განაგრძობს, თუ ისევ გაუფასურდება, შესაბამისად, საწვავის სამომავლო ღირებულებაზე საუბარი რთულია,"-აცხადებს ის.

დღეს, მაგალითად, ევრო რეგულარის ტიპის საწვავის შეძენა ბენზინგასამართ სადგურებზე მინიმუმ 1,87 და მაქსიმუმ 2,25 ლარად შეგიძლიათ, ხოლო სუპერის ტიპის საწვავის მინიმალური ღირებულება 2,34, ხოლო მაქსიმალური 2,49 ლარია.

აღსანიშნავია, ამჟამად მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი "ბრენტის" ტიპის ნავთობის ღირებულება 50,99$-ია, ხოლო ერთი ბარელი WTI-ს ტიპის ნავთობის ფასი 48,05$-ია. რაც შეეხება ლარის კურსს, მისი გამყარების ტენდენცია დაახლოებით ორი კვირაა გრძელდება და 28 მარტს 1$-ის შეძენა 2,44 ლარად შეგიძლიათ.

წყარო ALLNEWS.GE